ნათია კობერიძე- შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახდეს ყველაზე ყურებადი, მაგრამ ყველაზე მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს
ნათია კობერიძე- შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახდეს ყველაზე ყურებადი, მაგრამ ყველაზე მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს

შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახდეს ყველაზე ყურებადი და კომერციულად წარმატებული სამაუწყებლო სივრცე , მაგრამ მას ყველაზე მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია კობერიძემ ისაუბრა.

„ჩემი მთავარი ხედვაა, რომ მაუწყებელი უნდა იყოს ყველაზე მაღალი ნდობის საინფორმაციო და სამაუწყებლო სივრცე, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა დღიდან მისი შექმნისა. შეიძლება, ის არ იყოს ყველაზე ყურებადი და კომერციულად ყველაზე წარმატებული, ეს მას არც ევალება, მაგრამ უნდა გახდეს ყველაზე მაღალი ნდობის და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დინამიკური, სატელევიზიო სივრცე.”-აღნიშნა ნათია კობერიძემ.  მისივე თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ მმართველ უმრავლესობას მისი კანდიდატურა მოეწონება, თუმცა იმედი აქვს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მექანიზმები გარკვეული ფორმით არსებობს.

კითხვაზე, აქვს თუ არა გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები, ნათია კობერიძემ პასუხად განაცხადა, რომ ეს პრობლემად არ მიაჩნია. კობერიძემ  ზაზა შათირიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, შათირიშვილს ბორდის წევრობა გარანტირებული აქვს, რაც უსამართლობის განცდას უტოვებს.

„პოლიტიკური შეხედულებების ქონა არ არის პრობლემა. საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ლოგიკური კითხვა ბატონ ზაზა შათირიშვილთან დაკავშირებით. მან დღეს აღიარა, რომ დირექტორის ახლო მეგობარია.   შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვე გარანტირებული აქვს ბორდის წევრობა. ცხადია, მოქმედ უმრავლესობას უფლება აქვს, ბატონი შათირიშვილი ბორდში შეიყვანოს და ამას ძალიან იოლად მოახერხებს, რაც უსამართლობის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს”, -განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მაუწყებლის დაფინანსებაზე საუბრები გადაჭარბებულია.

“მიმაჩნია, რომ ლაპარაკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბევრ ფულზე ძალიან გადაჭარბებულია. საუბარია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ხდება ამ ფულის ხარჯვა.”-განაცხადა ნათია კობერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი სპეციალური კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველებს ხვდება.