შეიარაღებულმა მოზარდმა, რომელიც ტულუზასთან მდებარე ბარში შეიჭრა, მძევლები გაათავისუფლა
შეიარაღებულმა მოზარდმა, რომელიც ტულუზასთან მდებარე ბარში შეიჭრა, მძევლები გაათავისუფლა

ქალაქ ტულუზასთან ახლოს შეიარაღებულმა მოზარდმა მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. თავად თავდამსხმელი ისევ შენობაში იმყოფება და სამართალდამცველებს ჯერ არ ჩაბარებია.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას, სპეცრაზმს და მაშველებს აქვთ დაკავებული.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის სამხრეთში არსებულ ქალაქთან მამაკაცი ბარში შეიჭრა, და ოთხი ადამიანი მძელვად აიყვანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოლაპარაკებისთვის ის შუამავალთან შეხვედრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ერთ-ერთი მძევლის მოკვლით იმუქრებოდა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი 17 წლისაა. მის შესახებ სამართალდამცავმა უწყებებმა გარკვეული დარღვევების გამო წარსულშიც იცოდნენ. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, მოზარდი 2018 წლის დეკემბერში, ყვითელჟილეტიანების აქციაზე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ტერაქტად არ განიხილება. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ძარცვის წარუმატებელი მცდელობა იყო.