შედგა ჰარი კეინის დებიუტი ბუნდესლიგაში - ინგლისელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT
შედგა ჰარი კეინის დებიუტი ბუნდესლიგაში - ინგლისელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუნდესლიგის 2023-24 წლების სეზონის გახსნის მატჩში ჩემპიონი „ბაიერნი“ ბრემენში ჩავიდა სათამაშოდ. მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა ჰარი კეინის დებიუტს გერმანიის ჩემპიონატში.

ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ Sky Sports-მა და გერმანულმა Ran.de-მ ერთობლივად მოაწყვეს ტრანსლიაცია სახელწოდებით Harry Kane cam, რომელშიც მაყურებელს შეეძლო, თვალი მიედევნებინა „ბაიერნის“ ახალწვეულის თამაშისთვის.

დიდი ხანი ლოდინი არ გახდა საჭირო – კეინს მხოლოდ ოთხი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ბუნდესლიგაში პირველი შედეგიანი მოქმედება გაეფორმებინა – მან საგოლე პასი მისცა ლეროი სანეს.

74-ე წუთზე კი ინგლისელმა პირველად გაიტანა „ბაიერნის“ მაისურით – შედეგიანი გადაცემა ალფონსო დევისმა შეასრულა. კეინისთვის ეს მეორე მატჩი იყო „რეკორდმაისტერის“ რიგებში. ერთი კვირით ადრე, გერმანიის სუპერთასის მატჩში მიუნხენელებმა შინ 0:3 წააგეს „ლაიპციგთან“.

10 წუთის შემდეგ თომას ტუხელმა კეინი ახალგაზრდა მატის ტელით შეცვალა. 84 წუთში ინგლისელმა ფორვარდმა მოასწრო არა მხოლოდ საგოლე პასი და გოლი, არამედ ერთი გამამწვავებელი გადაცემაც გააკეთა, ერთი საგოლე მომენტი შექმნა, ორი საჰაერო დუელი მოიგო და ორჯერ დააჯარიმებინა მეტოქე.

Sofascore-ის ვერსიით, ინგლისელი საუკეთესო იყო „ბაიერნის“ შემადგენლობაში – მან 8.9 შეფასება მიიღო.

მატჩის მიწურულს „ბაიერნმა“ გამანადგურებელი გახადა ანგარიში – 90-ე წუთზე სანემ დუბლი შეასრულა, 94-ე წუთზე კი ტელმა გაიტანა- 4:0.

 

ფაქტები

* „ბაიერნმა“ მეთვრამეტედ გაიტანა სეზონის პირველი გოლი. გუნდმა ეს მეათედ გააკეთა ბოლო 11 სეზონში.

* კეინმა (ბაიერნი) ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი მეექვსე დარტყმით გაიტანა.

* ოუენ ჰარგრივსი აქამდე ერთადერთი იყო, რომელსაც „ბაიერნის“ შემადგენლობაში გოლი ჰქონდა გატანილი. ბოლო გოლი მან 18 წლის წინ გაიტანა.

* სანემ (ბაიერნი) ბუნდესლიგაში პირველი დუბლი შეასრულა.

* ტელს (ბაიერნი) ბუნდესლიგაში თავისი ექვსი გოლიდან ხუთი შეცვლაზე შესვლის შემდეგ აქვს გატანილი.

* „ვერდერმა“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ბოლო 16 საშინაო შეხვედრიდან 15 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. ბრემენელებმა ბოლოს საკუთარ „ვესერშტადიონზე“ „რეკორდმაისტერი“ 2006 წლის 21ოქტომბერს დაამარცხეს.

 

ვერდერი-ბაიერნი            0:4

გოლები: 0:1 სანე (4), 0:2 კეინი (74), 0:3 სანე (90), 0:4 ტელი (90+4)

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი – მაზრაუი, უპამეკანო, მინ-ჟაე კიმი (68. დე ლიხტი), დევისი – კიმიხი, გორეტცკა (79. ლაიმერი) – სანე, მუსიალა (84. მიულერი), კომანი (84. შუპო-მოტინგი) – კეინი (84. ტელი).