შედევრი, რომელიც უნდა ნახოთ - როგორ გაუტანა სომხეთის ნაკრებს სებისკვერაძემ საკუთარი კარიდან [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კავკასიური დერბი მოიგო – ავთანდილ ასათიანის გუნდმა სომხეთის ნაკრები დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით დაამარცხა 5:0.

შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან ჰეთ-თრიქით ბრაზილიელმა ელისანდრომ გამოიჩინა თავი, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ დუბლი გაიფორმა. „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაუტანეს.

ელისანდროს პირველი ორი გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა. მაგრამ განსაკუთრებით ეფექტური მაინც სებისკვერაძის გასროლა აღმოჩნდა, რომელიც მატჩის მიწურულს გაიტანა. 38-ე წუთზე, ჩვენი გუნდის მეკარემ, ზვიად კუპატაძემ მეტოქის დარტყმა მოიგერია. კარის წინ მყოფმა სებისკვერაძემ წინ გამოსული სომხების მეკარე შენიშნა, საკუთარი საჯარიმოდან დაარტყა და ფაქტობრივად, მეტოქეს საკუთარი კარიდან ულამაზესი გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 5:0.

ჩვენი ნაკრები მეოთხე ტურის მატჩს სომხეთთან 10 მარტს ერევანში გამართავს. ეს სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.