კავკასიური დერბი საქართველომ მოიგო - ფუტსალის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
კავკასიური დერბი საქართველომ მოიგო - ფუტსალის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 5:0.

თამაში საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ბრაზილიელი ელისანდროს ულამაზესი გოლით 1:0 დაწინაურდა. ამავე დროს, სომხების საუკეთესო ბომბარდირი დავით ასლანიანი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. ამას მალე ელისანდროს მეორე გოლიც მოჰყვა – მან რონინიოს შესანიშნავი კომბინაცია გაუთამაშა, რომელმაც ელისანდრო მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში 2:0 გახდა.

ტაიმის დასრულებამდე ავთანდილ ასათიანის გუნდმა რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. ეს ვახტანგ ჯვარაშვილის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ პირველ შემტხვევაში არჩილ სებისკვერაძემ ახლოდან ვერ გაიტანა, მეორედ კი თავად ჯვარაშვილის დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა და შესვენებაზე საქართველომ ორბურთიან უპირატესობას მიაღწია – 2:0.

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. ვითარება იძაბებოდა, როდესაც რობინიოსა და ბინიოს წამოწყებული შეტევა ელისანდრომ მესამე გოლით დააგვირგვინა და საქართველოს უპირატესობა სოლიდურ სხვაობამდე გაზარდა – 3:0. 38-ე წუთზე თალესმა შეუტია, ბურთს მეკარე და მცველი გადაეფარნენ, სებისკვერაძემ სომხები კონტრშეტევაზე დაიჭირა და საკუთარი საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.

ავთანდილ ასათიანის გუნდი შესარჩევ ჯგუფში სამი ტურის შემდეგ მოპოვებული 4 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, რომელიც დღეს გვიან საფრანგეთს მასპინძლობს. ჩვენი ნაკრები მეოთხე ტურის მატჩს სომხეთთან 10 მარტს ერევანში გამართავს. ეს სატურნრო მნიშვნელობით ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟსაც პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო – სომხეთი 5:0

გოლები: 1:0 ელისანდრო (2), 2:0 ელისანდრო (4), 3:0 ელისანდრო (24), 4:0 სებისკვერაძე (27), 5:0 სებისკვერაძე (38)

03/05/2021. ახალი სპორტის სასახლე – თბილისი

ფუტსალი. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი – ჯგუფი 2

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ელისანდრო-ბუკია (V), გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ბინო

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სომხეთი: ლუანი, ხრომიხი, სანოსიანი, ნევედროვი, მელკონიანი – ბოიარკინი (V), მანუკიანი, ბაღდასარიანი, მარგარიანი, გალსტიანი (კ), მაშუმიანი, კელსონი, ასლანიანი, ვიტინიო

მწვრთნელი: ნაზარეთიანი