ფრე ფრანგებთან და მსაჯებთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უმძიმესი ქულა მოიპოვა
ფრე ფრანგებთან და მსაჯებთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უმძიმესი ქულა მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა და მასპინძლებისა და მსაჯების წინააღმდეგ ბრძოლაში ქულა ღირსეულად მოიპოვა.

პარიზის „ჟორჟ კარპანტიე ჰოლში“ გამართულ ამ შეხვედრაში ფრანგები დაწინაურდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ნატურალიზირებული ბრაზილიელების დახმარებით იომა და სულ რაღაც 8 წუთში ანგარიშით 1:3 დაწინაურდა. წონასწორობა საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა, ბინიომ აღადგინა, რობინიომ გუნდი დააწინაურა, ხოლო ელისანდრომ ჩვენი უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ფრანგებთან ერთად სლოვენიელი მსაჯებიც „უტევდნენ“, რომელიც სტუმრებს ყველაფერზე აჯარიმებდნენ – თუ ერთი გუნდი ხუთჯერ დაჯარიმდება, მერე ყოველ ჯარიმაზე მის კარში პენალტი ინიშნება. არბიტრებმა კი ფრანგების სასარგებლოდ ორი პენალტი დანიშნეს – მასპინძლებმა ერთით ისარგებლეს, შემდეგ კიდევ ორი გოლი გაიტანეს და შესვენებამდე საფრანგეთის ნაკრები დაწინაურდა – 4:3.

მეორე ტაიმი დაძაბულად წარიმართა, საქართველოს ნაკრებმა კი მთელი ძალებით შეუტია და საბოლოოდ, სიმი საიოტის ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ასეც მორჩა – 4:4. ავთანდილ ასათიანის გუნდმა უმძიმეს შეხვედრაში ქულა მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

საფრანგეთი – საქართველო 4:4

1:0 რამირესი (2), 1:1 ბინიო (2), 1:2 რონინიო (8), 1:3 (10. ელისანდრო), 2:3 ალა (17. პ), 3:3 მოჰამედი (20), 4:3 მოჰამედი (20), 4:4 საიოტი (33)

საქართველოs ნაკრები: კუპატაძე, შაგინია, რონინიო, საიოტი, ბინიო – ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ელისანდრო

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

პირველი არბიტრი: ადმირ ზაჰოვიჩი სლოვენია)

მეორე არბიტრი: ალეშ მონჩიკ-პერიჩი (სლოვენია)

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე საფრანგეთის გარდა რუსეთია. მესამე გუნდის ვინაობა, ბულგარეთი/სომხეთის წყვილში 9 დეკემბერს გაირკვევა. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ექვს ტურად მომავალი წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 თებერვალს, თბილისში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.