ასათიანმა სომხეთთან მოგება შეაფასა - რატომღაც, თამაშამდე დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრებს შანსი არ ჰქონდა #1TVSPORT
ასათიანმა სომხეთთან მოგება შეაფასა - რატომღაც, თამაშამდე დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრებს შანსი არ ჰქონდა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა სომხეთთან ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ერევანში გასამართ შეხვედრაშიც წარმატებით ითამაშებს.

„ყველას გათავისებული ჰქონდა, რომ რთული თამაში გველოდა. სომხეთის ნაკრებში ისეთი დონის ფეხბურთელები დაიმატეს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ამბიციას აძლევდნენ. ამ მატჩისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ, რადგან სატურნირო ცხრილის გარდა, სომხებთან შეხვედრის წინ ძალიან ბევრი დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრებს შანსი არ ჰქონდა. მე ავუხსენი ბიჭებს, რომ ყველაფერი მოედანზე დაგვემტკიცებინა. მე მგონი ჩანდა, რომ ბიჭებმა მაქსიმალურად იბრძოლეს“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მოგებასთან ერთად, მოთამაშეების მიერ დავალებების შესრულებამ გაახარა.

„სამ ქულასთან ერთად ყველაზე მეტად ისიც მახარებს, რომ შეკრებაზე ყოფნის დროს მოწინააღმდეგე შევისწავლეთ. მოთამაშეებს რა დავალებებიც მივეცით, 100 პროცენტით თუ არა, 90 პროცენტით მაინც შეასრულეს. ეს კარგია, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტაბლოზე თამაში, იგივე ანგარიშის შენარჩუნება და რა დროს უნდა გავცხარდეთ – მაინც ამბიციური ერი ვართ და ეს თამაშზეც იგრძნობა. ჩემს ბიჭებს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი გაითავისეს, რა დონის მატჩი იყო და მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშეს“.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩს სომხეთთან 10 მარტს ერევანში გამართავს. ეს სატურნირო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება. შეხვედრის რეპორტაჟსაც პირველი არხი შემოგთავაზებთ.