მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი პირველი მედლისთვის სვლას წარმატებულად განაგრძობს – ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა და ფინალურ ბლოკში ასპარეზობა გაინაღდა.
ფრანგ – ბენჯამინ აქსუსთან გამართულ ორთაბრძოლაში შავდათუაშვილი სტარტიდან წუთნახევარში, ბრუნის შედეგად მოპოვებული ვაზაარით დაწინაურდა. მალევე, იგივე ფანდის შესრულებას ცდილობდა, როდესაც მეტოქემ შებოჭვაზე დაიჭირა, მაგრამ ლაშამ თავის გათავისუფლება შვიდ წამში შეძლო და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მიცა. დარჩენილ დროში კი უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.
მეოთხედფინალში შავდათუაშვილის მეტოქე ირანელი – მოჰამად მოჰამადი იქნება. მასთან წარმატების შემთხვევაში კი ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტს, ფინალში გადასასვლელად მონღოლ – ცონგბაათარ ცენგ-ოჩირისა და სამხრეთ კორეელი – ჩანგრიმ ანის წყვილში უძლიერესის დამარცხება მოუწევს.