შარშანდელი შედეგი განმეორდა - საქართველო უეფას რეიტინგში დაწინაურდა
შარშანდელი შედეგი განმეორდა - საქართველო უეფას რეიტინგში დაწინაურდა
ქართულმა კლუბებმა უეფას რეიტინგში შარშან ნაჩვენები შედეგი გაიმეორეს და საქართველო უეფას რეიტინგში მცირედით, მაგრამ მაინც დააწინაურეს.
უეფას რეიტინგი ბოლო 5 ევროსეზონის შედეგების მიხედვით ითვლება. მოგებაზე 0,250 ქულა იწერება, ფრეზე – 0,125, ხოლო წაგებაზე – 0. საქართველოს წარმომადგენლებმა 2015 და 2017 წლები კატასტროფულად ჩაატარეს და შესაბამისად, მხოლოდ 0,625 და 0,125 ქულები დააგროვეს. შედეგად, საქართველოს რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 47-ე ადგილამდე დაეცა.
მაგრამ ბოლო წლებში პირველად, ევროგათამაშების პირველი ეტაპი ოთხიდან სამმა ქართულმა გუნდმა გადალახა. 2016 წლის შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად დაძლია. პირველი ეტაპის შემდეგ საქართველომ 1,250 ქულა დააგროვა.
თბილისის „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა და უეფას რეიტინგში ვერაფერი შეგვმატა. სამაგიეროდ, თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გასვლაზე „გაბალა“ დაამარცხა (0:2), ხოლო საჩხერეს „ჩიხურა“ შინ შოტლანდიურ „აბერდინს“ ფრედ (1:1) ეთამაშა და საქართველოს უეფას რეიტინგში კიდევ 0,375 ქულა შემატეს.
ამით საქართველომ უეფას ტურნირებზე შარშან ნაჩვენები შედეგი გაიმეორა, 1,625 სარეიტინგო ქულა დააგროვა, უელსს გადაასწრო და 46-ე ადგილზე დაწინაურდა. ჩვენ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამოვრჩებით ისლანდიას და არის შანსი, რომ მასაც გავასწროთ. ამჟამად საქართველოს 5,125 ქულა აქვს, ხოლო ისლანდიას – 5,375.
საინტერესოა, რომ მიმდინარე გათამაშებაში საქართველომ უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე ხორვატიამ, ისრაელმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა, ბოლო წლებში მოღონიერებულმა აზერბაიჯანმა და ფინეთმა.