შარლ მიშელი აცხადებს, რომ არ ენდობა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომელიც საშობაოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტას გულისხმობს
შარლ მიშელი აცხადებს, რომ არ ენდობა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომელიც საშობაოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტას გულისხმობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა ისეთივე ტყუილია, როგორც „რეფერენდუმები“.

როგორც შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ის არ ენდობა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც საშობაოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტას გულისხმობს.

„არსებობს აგრესორი – ეს არის კრემლი და მსხვერპლი – უკრაინელი ხალხი. რუსეთის ძალების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები“, – წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. კრემლის განცხადებაში მოსკოვმა ასევე მოუწოდა უკრაინას, ანალოგიურ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი, თუმცა კიევში პუტინის შეთავაზებას „თვალთმაქცობა და ცინიკური ხაფანგი“ უწოდეს.