მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა მოგებით დაუბრუნდა პროფესიულ ტურს. რუსი ჩოგბურთელი პირველად გავიდა კორტზე თებერვლის შემდეგ – ის მალიორკას ტურნირის პირველ წრეში სლოვაკ ვიქტორია კუზმოვას შეხვდა და 7:6(10:8), 6:0 დაამარცხა.
პირველ სეტში შარაპოვა ახლოს იყო წაგებასთან – კუზმოვა 6:5-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ მარიამ შეძლო უკუბრეიკის შესრულება. ტაი-ბრეიკზე ჩოგბურთელებს ორ-ორი სეტბოლი ჰქონდათ. სლოვაკმა შანსი ისევ ვერ გამოიყენა, შარაპოვამ კი შეძლო მეორე ცდაზე პარტიის მოგება.
მეორე პარტიამ საერთოდ უბრძოლველად ჩაიარა – კუზმოვამ ჯამში მხოლოდ ექვსი ქულის აღება შეძლო და „მშრალი“ ანგარიშით დათმო სეტი.
შარაპოვა, რომელიც ხანგრძლივი უთამაშებლობის გამო, კლასიფიკაციაში 85-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილ კერბერსა და ბონავენტურს შორის მოგებულს შეხვდება.