შარაპოვა ინდიან უელსის ტურნირზე არ ითამაშებს
შარაპოვა ინდიან უელსის ტურნირზე არ ითამაშებს

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა. როგორც ამერიკული ჩემპიონატის ტვიტერი იტყობინება, დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონის უთამაშებლობის მიზეზი მარჯვენა მხარის ტრავმაა.

„სამწუხაროდ, მარია შარაპოვა იძულებულია, უარი თქვას თამაშზე, მარჯვენა მხარის ტრავმის გამო“, – წერია განცხადებაში. – „ძირითად ბადეში მის ნაცვლად ვიხილავთ მონა ბარტელს. იმედი გვაქვს, მარია მომავალ წელს გვეწვევა“.

ინდიან უელსის სუპერტურნირი 4-17 მარტს გაიმართება. შარშან რუსმა ჩოგბურთელმა პირველივე წრეში წააგო მომავალ ჩემპიონ ნაომი ოსაკასთან.

2019 წლის დასაწყისში შარაპოვამ ვერ დაასრულა ჩინეთის შენჟენის ტურნირი, როცა მეოთხედფინალში ხვდებოდა არინა საბალენკას. ამის შემდეგ, მან მერვედფინალამდე მიაღწია ავსტრალიის ღია პირველობაზე. ორი კვირის წინ, შარაპოვამ სანკტ-პეტერბურგის ტურნირი გამოტოვა.