ედუარდ შარამაზანოვი - როგორ უნდა შედგეს მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში, როდესაც მას ერდოღანი და ალიევი უყურებენ
ედუარდ შარამაზანოვი - როგორ უნდა შედგეს მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში, როდესაც მას ერდოღანი და ალიევი უყურებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ პრესმდივანი ედუარდ შარამაზანოვი გამჭვირვალე მოლაპარაკებების შესახებ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „რესპუბლიკელები“ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ მზად არიან, თუმცა პირდაპირ ეთერში მოლაპარაკებები არაეფექტურად მიაჩნიათ.

„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. ჩვენთვის არ არსებობს დახურული დღის წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კოლეგა ფაშინიანი ამჯერად პირდაპირ ეთერს ითხოვს, ვიდეოკამერებით. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე არაეფექტური გზაა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ და ოპოზიციიამ სომხეთის გამოწვევებსა და კრიზისზე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყურებენ არა მხოლოდ დემონსტრანტები, დიასპორა, არამედ აზერბაიჯანი და თურქეთიც. როგორ წარმოგიდგენიათ, პირდაპირ ეთერში მიდის მოლაპარაკებები, ერდოღანი და ალიევი კი მას უყურებენ, ეს ნორმალური გგონიათ?“ – განაცხადა შარამაზანოვმა.

ნიკოლ ფაშინიანმა  26 აპრილს, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს კიდევ ერთ შანსს აძლევს, რათა მოლაპარაკებები გაიმართოს და ის მოუწოდებს მას, რომ დიალოგი არ იყოს დახურული.