შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილს თავის დროზე საქართველოში ჩატარებული აქვს „ვეტინგი“, აუქმებდნენ სასამართლოებს, ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რათა თანამდებობები დაეტოვებინათ
შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილს თავის დროზე საქართველოში ჩატარებული აქვს „ვეტინგი“, აუქმებდნენ სასამართლოებს, ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რათა თანამდებობები დაეტოვებინათ

ზურაბ ადეიშვილს თავის დროზე, როგორც გენპროკურორს, საქართველოში ჩატარებული აქვს „ვეტინგი“, მაშინ სასამართლოებს აუქმებდნენ, ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ზურაბ ადეიშვილი ხან ბუნდესტაგში ზის, ხან – ევროკომისიაში.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ასეთ ადამიანს როდესაც ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახში სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, „ვეტინგზე“, ადამიანის უფლებებზე, მგონი, სჭირდება განმარტება, რომ შემდეგ მათი სიტყვები სერიოზულად აღვიქვათ“.

„„ვეტინგი“ აქ კარგი ტერმინია იმ მხრივ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც უკრაინაში ატარებს ამ „ვეტინგებს“ და მისი მოადგილე არის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ „ვეტინგებს“. როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგი“ არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ? ზურაბ ადეიშვილს თავის დროზე საქართველოში ჩატარებული აქვს „ვეტინგი“, როგორც გენპროკურორს, რომელიც მართავდა ყველანაირ ასეთი სახის ღონისძიებებს. მაშინ გაყარეს მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოებს აუქმებდნენ, ზოგს აშინებდნენ, ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები. მოსამართლეებს შემდეგ სტრასბურგში ჰქონდათ გასაჩივრებული ეს საკითხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული და ანტიჰუმანური.

„შევახსენებ ყველას, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილი მსჯავრდებულია ხუთ დანაშაულზე დაწყებული წამების კატეგორიიდან და დამთავრებული ბიზნესის რეკეტით. დღეს ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ძალაში რომ იყოს, მას, ჯამში, 18 წელი ექნებოდა მოსახდელი ქართულ ციხეში. ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.