შალვა პაპუაშვილი - აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ზურაბ ადეიშვილი ხან ბუნდესტაგში ზის, ხან - ევროკომისიაში, იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას
შალვა პაპუაშვილი - აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ზურაბ ადეიშვილი ხან ბუნდესტაგში ზის, ხან - ევროკომისიაში, იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას

ფოტოებიდან როდესაც ირკვევა, რომ საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ზურაბ ადეიშვილი ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან – ევროკომისიაში, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს.

„გარკვეული ცინიზმი ვნახეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით, მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით. სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული და ანტიჰუმანური.

„შევახსენებ ყველას, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილი მსჯავრდებულია ხუთ დანაშაულზე, დაწყებული წამების კატეგორიიდან და დამთავრებული ბიზნესის რეკეტით. დღეს ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ძალაში რომ იყოს, მას, ჯამში, 18 წელი ექნებოდა მოსახდელი ქართულ ციხეში. ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური.

როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახში სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, „ვეტინგზე“, ადამიანის უფლებებზე, მგონი, ეს საჭიროებს განმარტებას, რომ შემდეგ მათი სიტყვები სერიოზულად აღვიქვათ. „ვეტინგი“ აქ კარგი ტერმინია იმ მხრივ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც უკრაინაში ატარებს ამ „ვეტინგებს“ და მისი მოადგილე არის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ „ვეტინგებს“. როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგი“ არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ? ზურაბ ადეიშვილს თავის დროზე საქართველოში ჩატარებული აქვს „ვეტინგი“, როგორც გენპროკურორს, რომელიც მართავდა ყველანაირ ასეთი სახის ღონისძიებებს. მაშინ გაყარეს მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოებს აუქმებდნენ, ზოგს აშინებდნენ, ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები. მოსამართლეებს შემდეგ სტრასბურგში ჰქონდათ გასაჩივრებული ეს საკითხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება განმარტება.

„საკითხი ეხება დამაჯერებლობას ევროკომისიის სხვადასხვა ჩინოვნიკის სიტყვებისა. როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი რაიმე არის ანტიევროპული პროპაგანდის თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკისა, რომლებიც, თავიანთი დაუდევრობით ან თავიანთი განზრახულობით, ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს უპატივცემულობით ხვდებიან საქართველოს მხრიდან დასანქცირებულ ადამიანს. იმედია, განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და წინდაუხედავად მოხდა ეს შეხვედრები.

ხაზს გავუსვამ, რომ ზურაბ ადეიშვილს, ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი. ის არის არა უბრალოდ პოლიტიკურად სანქციის ქვეშ მყოფი ადამიანი საქართველოსგან, არამედ სასამართლოს სტანდარტით დასანქცირებული ადამიანი, რომლის სასჯელის აღსრულებასაც ელოდება ქართველი ხალხი. როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი, შემდეგ ასეთი ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან ევროკომისიაში ზის მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აღმაშფოთებელი. ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.