შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან რიგ შემთხვევაში ვხედავთ თავქარიან პოლიტიკას, დასაფასებელია ორბანის მოწოდება, ყველა ხელისუფალი საკუთარი ხალხის ინტერესებით მიუდგეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან რიგ შემთხვევაში ვხედავთ თავქარიან პოლიტიკას, დასაფასებელია ორბანის მოწოდება, ყველა ხელისუფალი საკუთარი ხალხის ინტერესებით მიუდგეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს

ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც, როდესაც საზოგადოება უკვე ხვდება, რომ ყალბი იდეოლოგიების, ლიბერალიზმის არასწორი გაგების და, საერთო ჯამში, ორუელისეული მიდგომების, როცა ხდებოდა ნამდვილი ღირებულებების ყალბი ღირებულებებით ჩანაცვლება, ეპოქა დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ამას თვალი გაუსწოროს ევროკავშირის შიგნით ყველა ხელისუფლებამ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, გეოპოლიტიკურ ძვრებს და გამოწვევებს სერიოზულად შეხვდეს.

„ერთი, რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომლებსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ, განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას. ამ მხრივ ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც, როდესაც საზოგადოება უკვე ხვდება, როგორც ამას მიხვდა ამერიკელი საზოგადოება, რომ აბსოლუტურად ყალბი იდეოლოგიების, ლიბერალიზმის არასწორი გაგების და, საერთო ჯამში, ორუელისეული მიდგომების, როცა ხდებოდა ჩანაცვლება ნამდვილი ღირებულებებისა ყალბი ღირებულებებით, ეპოქა დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ ამას თვალი გაუსწოროს ევროკავშირის შიგნით ყველა ხელისუფლებამ.

რაც შეეხება სამომავლო კონსტრუქციას, ამ მხრივ ვხედავთ ასევე ძვრებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. როცა დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმ მომენტშივე ითქვა, რომ ეს იყო ტექტონიკური, გეოპოლიტიკური ძვრები. საით მივყავართ და სად მიგვიყვანს ეს გეოპოლიტიკური ძვრები, რთულია, იწინასწარმეტყველო, თუმცა ჩანს, რომ ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, რომ ამ საკითხს შეხვდეს სერიოზულად იმ მხრივ, რომ კომპეტენტური პასუხები ჰქონდეს გამოწვევებზე, რომლებიც ამ გარემოებამ შექმნა. ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დასაფასებელია პრემიერ-მინისტრ ორბანის მოწოდება, მათ შორის დღეს ამ ფორუმის წინაშე, რომ სრული პასუხისმგებლობით და გააზრებით მიუდგეს ყველა ხელისუფალი და, რაც მთავარია, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგეს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოიშვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა: „აშშ-ში ახალი ქარი ქრის, პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ, ამ ცვლილებას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს“. ორბანის განმარტებით, მსოფლიო შეიცვალა, თუმცა ევროპა ამას მოუმზადებელი შეხვდა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დღეს ევროპა მდიდარი და სუსტია.

ამავდროულად, ორბანმა აღნიშნა: „ევროპელები, განვაგრძობთ ომს და ვიქცევით ისე, თითქოს შეგვეძლოს გამარჯვება. იმედი მაქვს, არ ვარ მართალი, მაგრამ დასასრული იქნება ის, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ომით ჩვენს სამეზობლოში, მაშინ, როცა მთელ ჩვენს ფულს მიუღწეველ გამარჯვებაზე მივმართავთ“. ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლური სტრატეგიები, რომლებიც რუსეთის გატეხვას ცდილობდნენ, ჩავარდა, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა და სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.