ვიქტორ ორბანი - აშშ-ში ახალი ქარი ქრის, პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ, ამ ცვლილებას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს
ვიქტორ ორბანი - აშშ-ში ახალი ქარი ქრის, პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ, ამ ცვლილებას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს

მსოფლიო რეორგანიზდება. დასავლური სამყაროს აზროვნების წესიც ტრანსფორმაციაშია და ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავცეთ პასუხი ამაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარი ქრის. პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და ის შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, ეს ცვლილება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური განვითარება შეერთებულ შტატებში, არამედ მას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს.

„დღეს მინდა, გთხოვოთ დიალოგი ორ სტრატეგიულ საკითხზე, რომლებიც მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს ევროპისა და მისი წევრი სახელმწიფოების ბედს და განსაზღვრავს ეროვნული პარლამენტების როლს. პირველი არის ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, ხოლო მეორე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. დღეს ჩვენ ვხედავთ ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის ისეთ დონეს ევროპაში, რომელიც შეიძლება შევადაროთ მხოლოდ თანამედროვე ერი-სახელმწიფოების დაბადებას. მსოფლიო რეორგანიზდება. დასავლური სამყაროს აზროვნების წესიც ტრანსფორმაციაშია და ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავცეთ პასუხი ამაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარი ქრის. პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და ის შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ. ეს ცვლილება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური განვითარება შეერთებულ შტატებში, მას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს. ჩვენ არაფერი ვიცით დანამდვილებით მომავლის შესახებ, მაგრამ გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებში დაიწყო ახალი ერა. ბოლო 80 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით. ეს დასრულდა. ახლა დაიწყო ამ წესრიგის დემონტაჟი, რადგან ის აღარ შეესაბამება მის საკუთარ ინტერესებს. ოკეანის გაღმა ძველი მსოფლიოს წესრიგი მათთვის დასრულდა“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანის განმარტებით, მსოფლიო შეიცვალა, თუმცა ევროპა ამას მოუმზადებელი შეხვდა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დღეს ევროპა მდიდარი და სუსტია.

„ამასობაში ჩინეთი სწრაფად ვითარდება, არა მხოლოდ სამრეწველო შესაძლებლობებში, არამედ თავისი ტექნოლოგიების ხარისხშიც. ის ჩვენი კონკურენტია. ინდოეთი ემზადება მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოსვლისთვის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მსოფლიოში არა მხოლოდ მოსახლეობით, არამედ თავისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამბიციებითაც დიდი ძალაა. მის უკან დგას მსოფლიოს უდიდესი ბაზარი და მას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გახდეს ჩინეთთან შესადარებელი ძალაუფლების ცენტრი. როგორია ვითარება აქ, ევროპაში? ევროპა მოუმზადებელია. ეს გამოიყურება ისე, თითქოს ბოლო ათწლეულების პასუხებით გვინდა მომავალი ათწლეულების პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ეს აღარ მუშაობს. მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ, ევროპელები, ამას არ მივყოლილვართ. მე ვიყავი ევროპული საბჭოს წევრი 15 წლის განმავლობაში. მე პირადად გამომიცდია დაკარგული წლები. ქალბატონებო და ბატონებო, თუ ჩვენ უნგრეთს ისე გავუძღვებოდით, როგორც კომისია უძღვება ევროპას, მაშინ ჩვენ გაკოტრებული ვიქნებოდით. დასავლური სტრატეგიები, რომლებიც რუსეთის გატეხვას ცდილობდნენ, ჩავარდა. ვერავინ ბედავს აღიარებას, მაგრამ ჩვენ წავაგეთ ეს ომი. რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, სანქციებმა ვერ გამოიღო შედეგი და რუსებმა ხელი შეუშალეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამერიკელებმა, აშშ-მა აღიარა ეს და ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენ, ევროპელები, განვაგრძობთ ომს და ვიქცევით ისე, თითქოს შეგვეძლოს გამარჯვება. იმედი მაქვს, არ ვარ მართალი, მაგრამ დასასრული იქნება ის, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ომით ჩვენს სამეზობლოში, მაშინ როცა ჩვენ მთელ ჩვენს ფულს მიუღწეველ გამარჯვებაზე მივმართავთ. ჩვენ უარი ვთქვით ევროპის წარმატებულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე. იაფი ენერგია, რომელიც ბუნებრივად რუსული იყო, და განვითარებული ტექნოლოგია, ძირითადად, გერმანული, უდრის კონკურენტუნარიან ევროპულ ეკონომიკას. ეს იყო ძველი სტრატეგია. ჩვენ უარი ვთქვით ამაზე და არაფერი ახალი არ გვაქვს. ჩვენ ვდგავართ არსად. იაფი ენერგია გაქრა ევროპიდან. ამერიკულ და ჩინურ კორპორაციებს შეუძლიათ, ენერგია მიიღონ ევროპული კომპანიების ფასის ერთ მესამედად ან ერთ მეოთხედად, მაშინ როცა ჩვენ, ევროპელები, სანქციების გამო ენერგიას მხოლოდ ძვირად ვიღებთ. სანქციები და მწვანე შეთანხმება ერთად ანადგურებენ ევროპულ ეკონომიკას. ამ პირობებში ჩვენ ვერ ვწევთ კონკურენციას, არამედ უკან ვიხევთ. ეს აღარ არის თეორიული საკითხი. ეს არის მკაცრი ეკონომიკური სიმართლე. და სწორედ ამიტომ ევროპული ეკონომიკა დგას ერთ ადგილზე, სტაგნირებს და გაგვიმართლა, თუ დღეს არ მცირდება. 50 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიიდან მხოლოდ ოთხია ევროპული. აშშ-ისა და ევროპის მშპ-ს შორის განსხვავება ბოლო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა ამერიკელების სასარგებლოდ. თუ შევხედავთ რეალურ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე 2 000 წლიდან შეერთებულ შტატებში, ეს გაიზარდა ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ევროკავშირში. ეს პრობლემები დამოუკიდებლად საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ახლა ისინი ერთად გამოჩნდნენ. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია და ძლიერი ევროპელი ლიდერები. დღეს ევროპა მდიდარი და სუსტია. ეს ყველაზე საშიში კომბინაციაა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავაძლიეროთ ევროპა. ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყურება ძლიერი ევროპა. და რთული გეოპოლიტიკური დებატების ჯუნგლებში ერთი რამ რჩება უეჭველი: ევროპა ვესტფალიის ზავის შემდეგ გახდა ძლიერი და მსოფლიო ძალა ერი-სახელმწიფოების დაბადების გამო. დიდებული ერა დაიწყო ერი-სახელმწიფოებით და სწორედ ეს ხდიდა მას წარმატებულს საუკუნეების განმავლობაში. ევროკავშირის წარმატება ეფუძნება ერი-სახელმწიფოების ეკონომიკურ სიძლიერესა და პოლიტიკურ ძალას. ევროკავშირი ახლა ეფუძნება ერი-სახელმწიფოების თანამშრომლობას და შეიძლება წარმატებული გახდეს წევრი სახელმწიფოების ძლიერი ლიდერების მეშვეობით. სინამდვილეში, ეს ერთადერთი გზაა, რითიც ის შეიძლებოდა შექმნილიყო. ასე დაარსდა ის. და ამ ასპექტიდან შეგვიძლია გავიგოთ ეროვნული პარლამენტის მნიშვნელობა. ევროპაში არ არსებობს ძლიერი და წარმატებული ერი-სახელმწიფო ძლიერი და წარმატებული ეროვნული პარლამენტის გარეშე. მოკლედ და შეჯამების სახით, ევროკავშირი ყველაფერს უნდა უმადლოდეს ეროვნულ პარლამენტს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს.