შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტისთვის ზელენსკის მიმართვაზე ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა, ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტისთვის ზელენსკის მიმართვაზე ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა, ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის საკითხზე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვით „პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრი რატომ საუბრობს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის სახელით.

„საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების სახელით, ჩართვა უნდა, არ უნდა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ესეც აჩვენებს, რა არის ამის რეალური მიზანი. ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ და რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა, ამით ეს საკითხი გარკვეულია. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტისთვის მსოფლიოში არც ერთ პარლამენტს არ უთქვამს გამოსვლაზე უარი, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „პარტია „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მე მგონი, გერევათ ზელენსკიში. ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, ჩვენ მოგვმართა პარტია „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხაზგასმით ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არც ერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს, არა თუ დათანხმებას აპირებს“.