შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც ამბობს, „თავისუფლება მიშას“, დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს
შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც ამბობს, „თავისუფლება მიშას“, დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს

დღეს ყველა, ვინც ამბობს თავისუფლება მიშას, სწორედ ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპარლამენტარებს, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ.

„ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს „თავისუფლება მიშას“, დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი. ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ ერთი – ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შიმშილობაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ნაწილია.

„მთავარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უზრუნველყოს ყველა სათანადო პირობა სააკაშვილის იქ ყოფნის, როგორც სამედიცინო, ისე ყოფითი საკითხების კუთხით. რაც შეეხება შიმშილს, ეს მისი გადასაწყვეტია და მთავარია, მისთვის დროული სამედიცინო უზრუნველყოფა. შეუძლია, იშიმშილოს, ეს მისი თავისუფლების ნაწილია. თუმცა მოლოდინის, თუ კი პატიმარი შიმშილობს, მაშინ მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს, ასეთი მოლოდინი რომ აქვს ზოგიერთს, მიკვირს. ასე რომ იყოს, ნებისმიერი პატიმარი დაიწყებდა შიმშილს. ყველას აქვს თავისუფლება, ამ ზომას მიმართოს. თუმცა მეორე არის ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხალხის სახელით არის გამოტანილი. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ორი განაჩენის უკან ნამდვილად დგას ქართველი ხალხი, ასე რომ, ეს განაჩენები უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყოველი განცხადება ადასტურებს, რომ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის არეულობა ქვეყანაში.

„ისინი ხედავენ, რომ მათ ხალხი დემოკრატიული გზით მანდატს არ აძლევს და მათ სურთ, ძალაუფლება მოიპოვონ დემოკრატიის გვერდის ავლით. მათ დემოკრატიასთან და ქართველ ხალხთან პრობლემა აქვთ და ცდილობენ ამის სხვა კონტექსტში გადატანას. ეს არის მცდელობა არეულობის, თუმცა ხალხის მხრიდან რეაქციები რაც არის, ვფიქრობ, ხალხმა დაანახა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მიხეილ სააკაშვილსაც, რომ ის განაჩენები აღსასრულებელია და ამ კუთხით რაიმე კომპრომისი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა წერილი, რომელშიც აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს აქციაზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს, რადგან ყველამ დაინახოს, რომ საზოგადოებას ღირსება და თავმოყვარეობა აქვს. „ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას მეორე ტურამდე მივაღწიოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი