შალვა პაპუაშვილი - ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო
შალვა პაპუაშვილი - ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო

მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ძალიან მძიმე ფაქტი იქნება, ჯერ რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ყველა ხედავდა მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და, როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო“.

„სამწუხაროა, რასაც ვისმენთ, შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც ისტორიულად იყო ხოლმე საქართველოში გამოყენებული – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ – საქმით. იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ ეს იყო რაიმე განზრახი ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ ებრძოდა მეუფე შიოს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ დააკონკრეტებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რადგან ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას.

„ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება. ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდეს საქმეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა.