შალვა პაპუაშვილი - თაკო ჩარკვიანი არის ოპოზიციაში ყველაზე გულწრფელი ადამიანი, ამბობს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, გეგმავენ და უნდათ, განახორციელონ
შალვა პაპუაშვილი - თაკო ჩარკვიანი არის ოპოზიციაში ყველაზე გულწრფელი ადამიანი, ამბობს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, გეგმავენ და უნდათ, განახორციელონ

თაკო ჩარკვიანი არის ოპოზიციაში ყველაზე გულწრფელი ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით“.

პაპუაშვილის თქმით, თაკო ჩარკვიანი ამბობს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, გეგმავენ და უნდათ, განახორციელონ.

„თაკო ჩარკვიანი არის ყველაზე გულწრფელი ადამიანი ოპოზიციაში. ის ამბობს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, გეგმავენ და უნდათ, განახორციელონ. ჩვენ ეს ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემოყვანით. სწორედ ეს იყო გეგმა, აჯანყება, ჯანყი, გადატრიალება. თაკო ჩარკვიანი რასაც საუბრობს, ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია, ვაფრთხილებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის გარდა სხვა გზა არ აქვს, რომ მიიღოს ძალაუფლება, რადგან დემოკრატიულ პროცესში მას ხალხი არ აძლევს ხმას და ხელისუფლების მანდატს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი გეგმავენ არეულობას, ჯანყს და სხვა არაკანონიერ ქმედებებს.

კიდევ ერთხელ, სწორედ აქ ჩანს, რომ ეს ყველაფერი, ხან შეფუთავენ, რომ რაღაც გაერთიანება აქვთ, ჟღალი ფერებით შეფუთავენ საკუთარ პლაკატებს და ასე შემდეგ, გამოიყვანენ ზოგიერთ ადამიანს და ათქმევინებენ, რომ მათი მხარდამჭერები არიან. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფერუმარილი. სინამდვილეში, ამის უკან დგას ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც იყო საქართველოში 2012 წლამდე და დგას სურვილი, დაიბრუნონ ძალაუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.