შალვა პაპუაშვილი – სხვის საქმეებში თუ არ ვერევით, ნურც სხვა ჩაერევა ჩვენს შიდა დემოკრატიაში, გერმანიის მთავრობა ჩვენს კონსტიტუციაზე ნუ დაგველაპარაკება, მათი საქმე არ არის, სასამართლოს რა საკითხზე მივმართავთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შეიტანს განახლებულ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს.
„ჩვენ შეგვეძლო, მოგვეთხოვა მანდატების გაუქმება, თუმცა არც პარტია „საქართველოსთვის“ შემთხვევაში ვითხოვთ, რომელსაც აქვს როგორც საპარლამენტო, ისე საკრებულოს მანდატები, ისევე როგორც არ მოვითხოვეთ წინა შემთხვევებში, სხვა პარტიებთან დაკავშირებით. მაგალითად, „ლელოს“ შემთხვევაში, რომელსაც ასევე საკრებულოში აქვს მანდატები. ასე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან, არ სარგებლობდნენ იმ სიკეთეებით, რასაც ჰქვია პოლიტიკური პროცესის მონაწილეობა. ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტიის, რომელიც არის დემოკრატიის მტერი, ადგილი არ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს არის მთავარი პრინციპი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“, – განაცხადა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
რაც შეეხება შეკითხვას, – „არაკონსტიტუციურად გამოცხადებულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა როგორ უნდა გააგრძელოს კონსტიტუციურ ორგანოში საქმიანობა?“ – პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურად, უპარტიო წევრებად იქნებიან წარმოდგენილი.
„ინდივიდუალურად, როგორც უპარტიო წევრები, პარლამენტის თუ საკრებულოსი. ასე რომ, შემდეგ უპარტიო წევრებად იქნებიან, ინდივიდუალურად. თავად უნდა გადაწყვიტონ, თავად თუ ისურვებენ მანდატის დატოვებას, რადგან პოლიტიკურ პარტიასთან კუთვნილება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან ეს არის კონსტიტუციურ ორგანოში მინიჭებული მანდატი, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ამ შემთხვევაში არ გვსურს, დავაყენოთ ეს საკითხი და შევეხოთ მანდატს. რაც შეეხება თავად პარტიებს, ანტიკონსტიტუციურ და დემოკრატიის მტრებს პოლიტიკურ პროცესში არაფერი ესაქმებათ არცერთ ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა და არც მათი ხელისუფლებები უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა დემოკრატიაში.
„ვთქვი კიდეც, როცა კრიტიკული ხმები ისმის ხოლმე სხვადასხვა ხელისუფლებისგან, როგორც ჩვენ არ ვიბარებთ გერმანიის წარმომადგენლებს, თუ ჩვენი ელჩი არ მიდის და პროტესტებს არ აცხადებს, რომ იქ აქვთ გეგმები, AfD-თან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ გაუქმებაზე და არ ვამბობთ არაფერს იმაზე, რომ გერმანიაში უკვე გაუქმდა ერთ-ერთი გაერთიანება, როდესაც არ ვამბობთ არაფერს ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვაზე, რომელიც სასამართლომ შეუფარდა – სხვათა შორის, საქართველოში შეუძლებელია, რომ აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა ინდივიდუალურ პირს, ეს დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციით. საფრანგეთის კონსტიტუციაში ესეც კი არის დაშვებული და აუკრძალეს – ჩვენ სხვის საქმეებში თუ არ ვერევით, ნურც სხვა ჩაერევა ჩვენს შიდა დემოკრატიაში, მით უმეტეს, ეს პარტიები, გვარამიას, სააკაშვილის თუ სხვების პარტიები გერმანიის და საფრანგეთის კონსტიტუციებს კი არ არღვევენ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ და საქართველოს კონსტიტუციაზე პასუხისმგებელი, ამაზე მსჯელობაზე უფლებამოსილი არის ქართველი ხალხი, მისი საკონსტიტუციო სასამართლოს სახით და ხელით, და არა გერმანიის მთავრობა. ასე რომ, გერმანიის მთავრობა ჩვენს კონსტიტუციაზე ნუ დაგველაპარაკება, მათი საქმე არ არის საქართველოს კონსტიტუცია, მით უმეტეს, მათი საქმე არ არის, ჩვენ სასამართლოს რა საკითხზე მივმართავთ. საერთოდ აბსურდია, რატომ მიმართეთო, ამაზე რომ არის საუბარი. ვისი რა საქმეა, უფლება მაქვს და მივმართე. როგორ შეიძლება საერთოდ ამაში ჩარევა, რატომ მიმართე სასამართლოს?
რაც შეეხება თავად პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, ამაზე ადრეც გვქონდა საუბარი, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელში, არ გამოვრიცხავთ, დაემატოს სხვა პარტიებიც, იქიდან გამომდინარე, როგორ შევაფასებთ მათ წარსულ თუ არსებულ ქმედებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილს დღეს არ უსაუბრია, კიდევ რომელი პარტია შეიძლება დაემატოს საკონსტიტუციო სარჩელს.
„არ ვიცი, თუ რაიმე იქნება, ვიტყვით ამასაც, არ დავმალავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.