„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს
„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ამასთან, როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილი არ არის პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების შეწყვეტა.
„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება სარჩელი, რომელიც ეხება ე.წ. პარტიებს. ამ პარტიებს დაემატება „გახარია – საქართველოსთვის“. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, რომ აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ – მანდატების ცნობას. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მაშინ მისცა შანსი, რეალურად ჩართულიყვნენ პროცესში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა ვნახეთ უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა და ამის ირგვლივ უამრავი დესტრუქციული ქმედება. არ აქვს მნიშვნელობა ფერს და ნომერს, როცა ემსახურები იმ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებშიც არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე“, – განაცხადა კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.