შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებისთვის მუდმივად თვალში ნაცრის შეყრაა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც ფლანგები გამოეყო და ცალკე არიან, ეს უკვე კინოც აღარ არის, სერიალია
შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებისთვის მუდმივად თვალში ნაცრის შეყრაა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც ფლანგები გამოეყო და ცალკე არიან, ეს უკვე კინოც აღარ არის, სერიალია

ეს უკვე კინოც აღარ არის, სერიალია, ქართული საზოგადოებისთვის მუდმივი თვალში ნაცრის შეყრა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც ფლანგები გამოეყო და ცალკე არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, ეს რომ ტყუილია, ქართული საზოგადოება დარწმუნდა, როცა შემდეგ აღნიშნული ადამიანები უკან ბრუნდებოდნენ, მათ შორის, ოფიციალურადაც.

„ბოლო ასეთი მაგალითია გიორგი ვაშაძე, რომელიც „მკაცრი რიტორიკით“ გვიმტკიცებდა, თითქოს მათი ოპონენტი იყო. სინამდვილეში, საბოლოო ჯამში, ეს ერთი ორგანიზმია“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად სად იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც იგივე ფილოსოფია აქვთ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“.

„პრობლემა თავად ამ ფრაგმენტებშიცაა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გარკვეული ფილოსოფია – ეს არის ფილოსოფია ძალადობის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის, სხვა ქვეყნების თუ ინტერესების მსახურების. ამ ფილოსოფიის ადამიანები ფორმალურად სად იქნებიან, მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ისინი საფრთხე არიან ქართული დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.