შალვა პაპუაშვილი – სამხრეთ კავკასია ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია, ამიტომაა გაუგებარი ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რაც საკუთარ ფეხში სროლას ჰგავს

15:49, 05.05.2026

სამხრეთ კავკასია ევროპისა და აზიის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია. სწორედ ამიტომაა გაუგებარი ევროკავშირის პოლიტიკა, რაც საკუთარ ფეხში სროლას ჰგავს, როდესაც მათ დამოკიდებულებებს ვხედავთ, მაგალითად, საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის პოლიტიკა გლობალურად არეულია არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით.

„დიდ და ღრმა აზრებს ვერ ამოვიკითხავ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებაში იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელის პოლიტიკა, ზოგადად, გლობალურად არეულია, არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ევროკომისიის საგარეო წარმომადგენელს, კალასს არც კი ხვდება. ევროკავშირმა თავისი როლი გლობალურ პოლიტიკაში ფაქტობრივად სრულად დაკარგა. ვხედავთ, დიდ, გლობალურ საკითხებს აღარ ეკითხებიან და რეგიონულ საკითხებშიც მაინცდამაინც ხშირად სიტყვა არ ეთქმით ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ საქართველოსთან დიალოგი ჰქონდეს, ეს, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესშია, ვინაიდან საქართველო და მთლიანად რეგიონი გახლავთ რგოლი, რომელიც ევროკავშირს იმ რესურსებთან თუ მარშრუტებთან აკავშირებს, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და დღეს სტაგნაციას განიცდის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში მიმდინარე სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა: „სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. ეს გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილებით, ვითარება შეიცვალა“.

მსგავსი