შალვა პაპუაშვილი - სალომე სამადაშვილი ევროპაში ლეგალურ დასაქმებას ეძახის მონურ შრომას, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, ევროპის დემონიზაცია
შალვა პაპუაშვილი - სალომე სამადაშვილი ევროპაში ლეგალურ დასაქმებას ეძახის მონურ შრომას, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, ევროპის დემონიზაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპონენტები ჰიბრიდული ომის საფრთხეების შესახებ მცდარ და სახიფათო კონტექსტში საუბრობდნენ.

მისივე თქმით, ჰიბრიდული ომი იყო სწორედ ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები უარს ამბობდნენ საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, რითაც დესტაბილიზაცია შემოჰქონდათ ქვეყანაში.

ამასთან, პაპუაშვილის განარტებით, ჰიბრიდული ომია, როდესაც სალომე სამადაშვილი ევროპაში ლეგალურ დასაქმებას მონურ შრომას უწოდებს.

„დღეს ჩვენ ვისმენდით ოპონენტების მხრიდან სხვადასხვა საუბარს. მოვისმინეთ ჰიბრიდული ომის საფრთხეების შესახებ, ოღონდ, აბსოლუტურად მცდარ და სახიფათო კონტექსტში. იყო საუბარი ჰიბრიდულ ომზე, როცა სინამდვილეში, ჰიბრიდული ომი მართლაც მიდის, მაგრამ სულ სხვა ლოკაციებზე. ჰიბრიდული ომი იყო სწორედ ის, რომ დეპუტატები, და დღემდე რიგი დეპუტატებისა, უარს ამბობდნენ თავისი მანდატის განხორციელებაზე, ამით დესტაბილიზაცია შემოჰქონდათ ამ ქვეყანაში. ეს არის ჰიბრიდული ომი. და დღეს ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტისგან მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო არის ის ადგილი, სადაც რეპრესირებული ადამიანები მოდიან. ანუ, დემოკრატიაა ხომ აქ  და თქვენ ამ დემოკრატიაზე ამბობდით უარს, ამ პარლამენტზე ამბობდით უარს. ჰიბრიდული ომი არის ის, როდესაც ქალბატონი სალომე საუბრობს ევროპაში ლეგალურად დასაქმებულ ადამიანებზე, როგორც მონურ შრომაში მყოფ ადამიანებზე. ქალბატონი სალომე 8 წლის განმავლობაში იყო ელჩი ევროკავშირში. ეს იყო თქვენი სულისკვეთება ევროკავშირში ელჩობისა, რომ ევროკავშირში ლეგალურ დასაქმებას ეძახით მონურ შრომას? აი, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, როდესაც თქვენ ევროპაში ლეგალურ დასაქმებას ეძახით მონურ შრომას. ეს არის დემონიზაცია ევროპის. ასევე, საუბარი იყო სადღეგრძელოებზე და სადღეგრძელოებიც ბევრი მოვისმინეთ დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ლელოს“ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, სხვა საქართველოში, რომელიც სხვებისთვის წარმოსახვითი სახელმწიფოა.

სამადაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რა პრობლემებია მოქალაქეების წინაშე.

„მონური შრომისთვის რომ გაისტუმრეთ ხალხი ევროპაში, თქვენმა უფროსმა, ბიძინა ივანიშვილმა რომ ბრძანა, ხალხი აქ სამსახურს ვერ იშოვისო, ევროპაში უნდა წახვიდეთ, იქ უნდა დასაქმდეთო, მონური შრომისთვის რომ გაუშვით ხალხი სამუშაოდ და ყურადღებას არ აქცევთ, ადამიანებად რომ არ თვლით თქვენი საკონსულო სამსახურიდან დაწყებული, დასაქმების სააგენტოთი დამთავრებული. ეს ხალხი ხარჯავს ასობოთ მილიონს ქართველების ჯიბიდან, საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებულ ფულს და რაში, არავინ იცის. არ მესმის, რატომ არ გაინტერესებთ, მაგალითად, მოიწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასაქმების ეროვნული სააგენტო, გაიგოთ, ეს ხალხი გერმანიაში გაჭირვებაში რომ არის ჩავარდნილი, ვინ არის მათი პატრონი. ისინი არ არიან თქვენი თანამოქალაქეები?“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.