სალომე სამადაშვილი - რანაირ სახელმწიფოში ვხვდებით 26 მაისს? დღეს ქვეყანაში არის ორი საქართველო, სადაც სრულიად სხვადასხვა რამ ხდება
სალომე სამადაშვილი - რანაირ სახელმწიფოში ვხვდებით 26 მაისს? დღეს ქვეყანაში არის ორი საქართველო, სადაც სრულიად სხვადასხვა რამ ხდება

„ლელოს“ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, სხვა საქართველოში, რომელიც სხვებისთვის წარმოსახვითი სახელმწიფოა.

სამადაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რა პრობლემებია მოქალაქეების წინაშე.

„ხვალ არის 26 მაისი და ჩვენ 30 წელიწადია, ამ დღეს აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ოღონდ, აი, ხვალინდელ დღეზე რომ ვფიქრობ, ერთი შეკითხვა მაქვს – რანაირ სახელმწიფოში და ქვეყანაში ვხვდებით ჩვენ ამ დღეს? იმ ქვეყანაში, რომელიც აქ მარჯვენა ფლანგიდან გვესმის ხოლმე, რომ არსებობს, ჩემთვის რაღაცა წარმოსახვითი სახელმწიფოა, თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, ვინც აქ, თქვენს შორის დღეს არ ზის.

უკვე მეორე, მესამე კვირაა, აქ ვსხედვართ და მგონია, რომ რაღაცა პარალელურ სამყაროში ცხოვრობთ, ძვირფასო კოლეგებო, და არ იცით, რა ხდება ქუჩაში. არ იცით, სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, არ იცით, რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე. ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვისმენ ამ დარბაზში თქვენს ოდიოზურ, მე ვიტყოდი, პირდაპირ სადღეგრძელოებს, რომელიც შეურაცხმყოფელია უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მინდა, ახლა შეგახსენოთ, რეალურად რა ხდება, სად ცხოვრობთ, სად ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და თქვენ ვის წარმოადგენთ და რატომ არის დღეს ქვეყანაში ორი საქართველო.

ორი საქართველო – ერთი, რომელიც აქ სხედხართ და მეორე, სადაც ცხოვრობს უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე. ამ ორ საქართველოში რეალურად სრულიად სხვადასხვა რამ ხდება.

ის საქართველო, რაც არის ჭიათურაში, საქართველო, რომელიც არის ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, ის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან ვერ გაიგეს პასუხი ვერც ერთ შეკითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას და დასცინის დღეს მათ თქვენი პრემიერ-მინისტრი, ბნელებს ეძახის იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს მათ შეკითხვებს.

ის საქართველო, თქვენგან, აქ რომ სხედხართ, ითხოვს პასუხს და ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში. მე მაინტერესებს, სად არის პარლამენტის ეკონომიკის შესაბამისი კომიტეტი და რატომ არ იწვევს მაგალითად მოსმენაზე ქალბატონ თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრს. რატომ არ სცემს პასუხს იმ შეკითხვებს, რომლებიც ძალიან ლეგიტიმურად აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს. რას აკეთებთ აქ და რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს? ის ხალხი, რომელიც სხვათა შორის, ასევე იხდის ხელფასს მაგალითად, ეროვნული დასაქმების სააგენტოში, რომელმაც ორ წელიწადში დახარჯა 400 მილიონი ლარი და 1096 ადამიანი დაუსაქმებია.

350 ათასი ლარი გვაქვს დახარჯული თურმე ერთი ადამიანის დასაქმებაზე. მონური შრომისთვის რომ გაისტუმრეთ ხალხი ევროპაში, თქვენმა უფროსმა, ბიძინა ივანიშვილმა რომ ბრძანა, ხალხი აქ სამსახურს ვერ იშოვისო, ევროპაში უნდა წახვიდეთ, იქ უნდა დასაქმდეთო, მონური შრომისთვის რომ გაუშვით ხალხი სამუშაოდ და ყურადღებას არ აქცევთ, ადამიანებად რომ არ თვლით თქვენი საკონსულო სამსახურიდან დაწყებული, დასაქმების სააგენტოთი დამთავრებული. ეს ხალხი ხარჯავს ასობოთ მილიონს ქართველების ჯიბიდან, საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებულ ფულს და რაში, არავინ  იცის.

მე არ მესმის, რატომ არ გაინტერესებთ, რომ მაგალითად, მოიწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასაქმების ეროვნული სააგენტო, გაიგოთ, ეს ხალხი გაჭირვებაში რომ არის გერმანიაში ჩავარდნილი, ვინ არის მათი პატრონი. ისინი არ არიან თქვენი თანამოქალაქეები?

და ბოლოს, ხვალ 26 მაისს რომ აღვნიშნავთ, მე მაინტერესებს,  თქვენი აზრით, ჩვენს წინაპრებს, რომლებისთვისაც სანუკვარი ოცნება იყო მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც ევროპის ნაწილი იქნებოდა, ამ ხალხს როგორ წარმოედგინათ ეს ჩვენი სახელმწიფო,  საქართველო ქართველების გარეშე? უნდა გაიქცეს ამ ქვეყნიდან ყველა, ვისაც გადარჩენა უნდა, თუ არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული და შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი