შალვა პაპუაშვილი - საინტერესოა, ვისთვის იყო განკუთვნილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სტატუსი, რა ჯგუფში უნდა ჩავარდნილიყო და ვინ არის ხალხი, ვინც ასეთი ტიპის გეგმებს ალაგებს
შალვა პაპუაშვილი - საინტერესოა, ვისთვის იყო განკუთვნილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სტატუსი, რა ჯგუფში უნდა ჩავარდნილიყო და ვინ არის ხალხი, ვინც ასეთი ტიპის გეგმებს ალაგებს

მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ გვქონდა ინიციატივაც ამ კუთხით უკეთ მოწესრიგებულიყო კანონმდებლობა, რომ ასეთი შემთხვევები არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ის პირდაპირ ერევა საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა მანამდე აღიარა, რომ ასევე ერევა მედიასაშუალებების მიერ სხვადასხვა დღის წესრიგის განსაზღვრაში და მათთან კომუნიკაცია აქვს.

„ახლა დაადასტურა, რომ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გააჩნია თავის მომხრეებთან და ცდილობს, დღის წესრიგი განსაზღვროს საქართველოში. მათ შორის ეს ადასტურებს კიდევ ერთ რამეს, ჯერ ერთი ის ტექსტი, რაც ჩვენი თვალით წავიკითხეთ, რას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთი ბოროტი გეგმის დაგეგმვით არის გატაცებული, ეს ტიპიური მიდგომაა, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ისინი ცდილობენ, პიროვნული ტრაგედია გამოიყენონ პოლიტიკური დივიდენდებისთვის, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალური. საინტერესოა ის ჯგუფი, რისთვისაც ეს ტექსტი იყო განკუთვნილი, რა ჯგუფში უნდა ჩავარდნილიყო და ვინ არიან ის ხალხი, ვინც ამ ჯგუფში არიან, ასეთი ტიპის გეგმებს ალაგებენ. ბოლო პერიოდში ცოტა გასაკვირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათ გარშემო არსებული ადამიანების აქტივობა ამ კუთხით. ეს ის პარტიაა, რომელიც წინა არჩევნებზე დიდ მიტინგებსაც ატარებდა, მათ შორის არჩევნების წინა დღეს გახსოვთ რამხელა მიტინგი ჩაატარეს. ღამე სპეციალურადაც კი არღვევდნენ რეგულაციებს. ეს ყველაფერი გუშინ ახსნილი იქნა, თურმე, ეს ყოფილა სწორედ ეს კამპანია, რომ პიროვნულ ტრაგედიებზე დააგროვონ პოლიტიკური დივიდენდები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა სტატუსი – „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ“. მოგვიანებით, ეს სტატუსი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პოსტი მას არ დაუწერია.