შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთს ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა მეტად გამკაცრებისკენ მიდის, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან

14:24, 15.10.2026

საფრანგეთს აქამდეც ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა. 2024 წელს, ჩვენ შემდეგ მიღებული კანონი სწორედ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტი არ გაასაჯაროებს საკუთარ ფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში გამჭვირვალობის კანონით მხოლოდ ფინანსური ჯარიმებია გათვალისწინებული და არ მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საფრანგეთს ყოველთვის საქართველოზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კი კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ შიშებს, რომლებიც აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს მართლაც ასეა. გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის. საქმე ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაგერევა. არ არსებობს კარგი და ცუდი სახელმწიფო ამ შემთხვევაში, ვინც ერევა შენს შიდა საქმეებში. თვითონ ჩარევა არის ცუდი. ასე რომ, აქ დიფერენციაცია, რომ რუსეთი თუ ჩაერია ცუდია და გერმანია თუ ჩაერია, კარგია, თავისთავად აჩვენებს ასეთი მიდგომის ალოგიკურობას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვთანხმდებით ყველანი, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან, მანიპულაციისგან, ზემოქმედებისგან და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება დეზინფორმაციისგან, მიუხედავად იმისა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს. წყაროს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი, ვინც ერევა, თავისი არსით არასწორად იქცევა, ამიტომ ამისგან დაცვა არის საჭირო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის სენატის კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო.

მსგავსი