საფრანგეთის სენატის კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო

18:43, 14.10.2026

საფრანგეთის სენატის კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო,- ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. კერძოდ, სასჯელი შესაძლოა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმით განისაზღვროს. ასევე, ინიციატივა ითვალისწინებს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის შემოღებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება იმ ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა, რომელიც ქვეყნის გარკვეულ ფუნდამენტურ ინტერესებს აზიანებს.

კანონპროექტის თანახმად, ეს შეეხება „აშკარად არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“, რაც „ხელოვნურად ან ავტომატურად“ ვრცელდება. კანონპროექტს სენატის პლენარულ სხდომაზე 20 ოქტომბერს განიხილავენ, რის შემდეგაც ის ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნება.

დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, კანონპროექტი არასაკმარისად ხისტია.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელმა, სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა რაშიდ თემალმა, კანონპროექტს „აუცილებელი“, თუმცა „ზედმეტად შემზღუდველი“ უწოდა იმ ფონზე, როდესაც უცხოური ჩარევის ფაქტები დადასტურებულია.

მსგავსი