შალვა პაპუაშვილი - გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს თავისი მოქალაქის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ქართული სასამართლოს მიერ და მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში
შალვა პაპუაშვილი - გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს თავისი მოქალაქის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ქართული სასამართლოს მიერ და მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში

პრეზიდენტ ზელენსკის ვალდებულებაც არის, მოიკითხოს და იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ ვითარების მთელი პარადოქსი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე, მისი ვალდებულებაც არის, მოიკითხოს და იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს.

ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი მოთხოვნისა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს.

ამასთან, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო.