შალვა პაპუაშვილი - „პოკემონის“ ფორმაში გამოწყობილი ჩვენი რადიკალები დაარწმუნეს, რომ ალტრუიზმი ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს თუ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალაა
შალვა პაპუაშვილი - „პოკემონის“ ფორმაში გამოწყობილი ჩვენი რადიკალები დაარწმუნეს, რომ ალტრუიზმი ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს თუ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალაა

„პოკემონის“ ფორმაში გამოწყობილი ჩვენი რადიკალები დაარწმუნეს იმაში, რომ ალტრუიზმი არის ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს თუ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა. სინამდვილეში, ყველა ძალიან ცივსისხლიანად, ცივი გონებით მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებით. ახლაც ზუსტად ამას ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ევროპაში ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებით ვკითხე სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის ქვეყნებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე პერიოდში, რუსეთს მეტი თანხა მიაწოდეს თუ უკრაინას? გაკვირვებული დავრჩი, როდესაც პასუხი იყო: რუსეთი, და დიდი სხვაობით“.

პაპუაშვილის თქმით, „ცოტა ხნის წინ იგივე რიცხვები შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირს უკრაინისკენ მიმართულ თანხებზე გაცილებით მეტი ჰქონდა დახარჯული რუსეთის ეკონომიკაში“.

„ეს ხალხი და ევროკავშირი საყვედურს ჩვენ გვეუბნებოდნენ, ქართველი გლეხი ღვინოს რუსეთში რატომ ყიდის და საქართველო ხორბალს რატომ ყიდულობს რუსეთიდანო. ამას გვსაყვედურობდნენ და თან ვინ? ესტონელები და ლიეტუველები, რომლებსაც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში. ლიეტუვა ღვინოს არ აწარმოებს და ვისკის რომელიმე ესტონური ქარხანა გაგიგიათ ან ბრენდი? ჩვენ ეს ყველაფერი თავიდანვე დავინახეთ და სცენარი თავიდანვე წავიკითხეთ. გვაიძულებდნენ, რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, რასაც, სულ მცირე, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი მოჰყვებოდა და ჩვენ მინუს 10-15-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა. ეს ყველაფერი რუსეთთან ახალ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა, ხოლო თავად რუსეთთან ივაჭრებდნენ. დანგრეულ საქართველოზე კი იკითხავდნენ, კი მაგრამ, ვინ გიბიძგათ, ჩვენ რჩევა მოგეცით და დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტი იყოო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.