შალვა პაპუაშვილი - პარლამენტიდან გასვლაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება არასერიოზულია, დადასტურდა, რომ ფუჭი იყო, როცა თვეების განმავლობაში უარს ამბობდნენ მანდატის განხორციელებაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტიდან გასვლაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება არასერიოზულია, დადასტურდა, რომ ფუჭი იყო, როცა თვეების განმავლობაში უარს ამბობდნენ მანდატის განხორციელებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არასერიოზულია.

პაპუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ოპოზიციისთვის ფუჭად დაკარგული დრო იყო, როცა თვეების განმავლობაში უარს ამბობდნენ საკუთარი მანდატის განხორციელებაზე.

„არასერიოზულია ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ კრიზისი გამოიწვიონ და პარლამენტიდან გავიდნენ, ქვეყანა ამით ჩიხში შეიყვანონ. თვეების განმავლობაში, როცა ოპოზიცია უარს ამბობდა საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, დადასტურდა, რომ იყო ფუჭი, ტყუილად დაკარგული დრო მათთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში მათი ყოფნა ადასტურებს, რომ პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია. პარლამენტში მათი ყოფნა არ არის ანგარიშის გაწევა „ქართული ოცნებისთვის“, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მანდატების განხორციელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებს, პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას.

„ქართული ოცნება“ სიტყვა-სიტყვით მიჰყვება 19 აპრილის შეთანხმებას. მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა, მათ კითხვები დაუსვან. უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი წარიმართება და შეგვეძლება, გადავწყვიტოთ, კანდიდატებს მხარს ვუჭერთ, თუ არა. ეს არის დემოკრატიის მანდატი, რომელიც ყველას გაგვაჩნია და ამაზე უარის თქმა დემოკრატიას ეწინააღმდეგება. შეგვიძლია, ამ ლოგიკით უარი ვთქვათ კანონების მიღებაზე. 19 აპრილის შეთანხმება საჯაროა როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ყველას შეუძლია, დებულებებს ჩახედოს და ჩვენი განმარტებები ნახოს. შემდეგ მივიღებთ კითხვებს, რა პუნქტში არ შეესაბამება ჩვენი განმარტება 19 აპრილის შეთანხმებას. ჯერჯერობით მითითებაა სულისკვეთებაზე, რაც ბუნდოვანი ტერმინია და ბოლო პერიოდში დამკვიდრდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. ამასთან, ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა მათაც გაიზიარონ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით არჩეულმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი თუ არ შეჩერდება, პარლამენტი დატოვონ.