შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და სააკაშვილის ე.წ. მეგობრები ცდილობენ, შექმნან ალტერნატიული რეალობა, სასამართლო, წარმოსახონ პარალელური სამყარო და საზოგადოება დააჯერონ, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, სასამართლოს გადასაწყვეტია და ის განიხილავს, რამდენად სანდოა სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ამერიკელი ფსიქიატრის დასკვნა.
საკითხზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს და მის ადვოკატებს საზოგადოებაში დაბნეულობა შეაქვთ.
„ექსპერტიზის სანდოობა სასამართლოს გადასაწყვეტია და სასამართლო განიხილავს ამ საკითხს. ზოგადად, სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბე და ტყუილ-მართალის არევა ხდება. მისი ადვოკატები, უცხოელი ადვოკატი, რომელიც, გაურკვეველია, ადვოკატია თუ ლობისტი, სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით პირდაპირ ტყუილს ავრცელებენ. საბოლოო ჯამში, ამ დეზინფორმაციული კამპანიის მუხანათობა მდგომარეობს იმაში, თითქოს გადაჭრით არაფერს ამბობენ და ამ დროს დაბნეულობა შეაქვთ საზოგადოებაში. მაგალითად, დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი უარყოფს, მეორე დღეს სააკაშვილი გაუგზავნის რუს ბლოგერს, რომ ის მოწამლეს, შემდეგ ადვოკატი უარყოფს. ამით აბნევენ საზოგადოებას, რათა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაუჩინონ ეჭვი. ამას 450 დღეა, ვაკვირდებით. არაფერი შეცვლილა არც მეთოდებში, არც შინაარსში. ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ აღარავინ საუბრობს სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე, რადგან უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, ყველამ ჩახედა ამ საქმეებს და ყველა მიხვდა, რომ დამნაშავეა და იხდის სასჯელს. სხვათა შორის, მისი თანაგუნდელებიც კი აღარ ამბობენ, რომ ის არის უდანაშაულო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველას აქვს უფლება, მოწოდება გააკეთოს.
„ყველას შეუძლია, მოწოდება გააკეთოს. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. იანვრის ბოლომდე არის დადებული ხელშეკრულება, ჩვეულებრივი პიარკამპანიაა, რათა სააკაშვილის სასჯელისგან დახსნა უზრუნველყონ. იანვრის ბოლომდე ასე იქნება, ხან ერთი ადამიანი, ხან მეორე, მესამე – ეს ტალღები იქნება. საზოგადოება უკვე იმდენად არის გაცნობიერებული დეზინფორმაციულ ხერხებში, რომ რეაქციაც კი არ აქვს. ყველაფერი – განცხადებები, სტატიები, რომლებიც ვირუსულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემაში, ჩვეულებრივი ლობისტური საქმიანობაა“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, წელიწადზე მეტია, ოპოზიცია ცდილობს, ალტერნატიული რეალობა შექმნან და ის საზოგადოებას დააჯერონ.
„წელიწადზე მეტია, ცდილობენ, საზოგადოება ამყოფონ აბსოლუტური ალტერნატიული რეალობის გარკვეულ ბუშტში. ოპოზიცია და სააკაშვილის ყველა ე.წ. მეგობარი ცდილობენ, შექმნან ალტერნატიული რეალობა, ალტერნატიული სიმართლე, ალტერნატიული დასკვნები, ალტერნატიული სასამართლო, ალტერნატიული მართლმსაჯულება და წარმოსახონ რაღაც სხვა პარალელური სამყარო, რომელიც, უნდათ, დააჯერონ ჩვენს საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებას. საბოლოო ჯამში, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენი საზოგადოების რეაქციის მიხედვით, ამაში ვრწმუნდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.