შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ჩამოყალიბდნენ, დემოკრატიის მხარეს დგებიან, თუ პარლამენტისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენც ჩამოვყალიბდებით
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ჩამოყალიბდნენ, დემოკრატიის მხარეს დგებიან, თუ პარლამენტისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენც ჩამოვყალიბდებით

ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან – დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების და როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა, პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ველოდებით ხვალინდელ სხდომას. ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების და როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა, პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს. ასე რომ, ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით. ჩვენც უნდა ვიმსჯელოთ, რა იქნება ამის საპასუხო პოლიტიკური და პროცედურული აქტი, რაც ჩვენს ოპონენტებს ნაკლებად მისცემს შესაძლებლობას, დააზიანონ ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტი, როგორიც არის პარლამენტი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის განცხადება პარლამენტის საბოტაჟის შესახებ, არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს.

„მათი განცხადება და სურვილი პარლამენტის საბოტაჟის შესახებ, არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. რაიმე დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულება, რომ 31 ოქტომბრის შედეგებში არ აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება, არ არსებობს. ნულია ასეთი მტკიცებულება. ამიტომაცაა, რომ დღესაც გაკეთდა ევროპიდან მოწოდებები, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია იმისკენ რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში, არის დესტრუქციის აქტი. უმრავლესობის ამოცანა არის, მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად მისცემს შესაძლებლობას ჩვენს ოპონენტებს ასეთი დესტრუქცია გამოიჩინონ და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს ისე, როგორც ამ ინსტიტუტს შეეფერება.

ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მოქმედების ბევრი ვარიანტი და ჩვენი არჩევანი ამ შემთხვევაში უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი ოპონენტების. ამიტომ ბევრი ვარიანტია და რომელიც იქნება ყველაზე ოპტიმალური, იმას შევარჩევთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.