შალვა პაპუაშვილი - მთავარია, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს, ხალხი თუ სრულად გარიყავს, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება
შალვა პაპუაშვილი - მთავარია, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს, ხალხი თუ სრულად გარიყავს, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება

მთავარია, ხალხმა მარგინალიზება მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს, ხალხი თუ სრულად გარიყავს მას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში უნდა დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ გამოითქვა და რა ფორმას შეიძენს, არ იცის.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და 10-წლიანი ოპოზიციაში ყოფნის დროს პასუხისმგებლობას, ეს პოლიტიკური ძალა – და ზოგადად იგულისხმება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთლიანად ეს იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობას – პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელია, არ უშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახელისუფლო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის ის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მარგინალიზება მთლიანად ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.

საპარლამენტო თუ სამართლებრივ მექანიზმებზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცით, ზოგადად რას გულისხმობენ ამ ინიციატივაში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ხალხმა გამოუტანოს. სამართლებრივად ამას მერე მნიშვნელობა უკვე არ ექნება. მთავარია, ხალხმა მარგინალიზება მოახდინოს ამ პოლიტიკური ძალის, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს და თუკი ქართველი ხალხი ამაში სრულად იქნება კონსოლიდირებული, სრულად გარიყავს და მოახდენს ამ ძალის მარგინალიზებას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.