სოზარ სუბარი - გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი
სოზარ სუბარი - გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და, შესაბამისად, სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესი.

„როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას და რეინჯერ დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. ორივე მათგანი იმავე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში დააკავეს ყოველგვარი ბრალის გარეშე, სასტიკად აწამეს, დახვრიტეს და ბეტონის ბოძებთან ერთად ზღვაში ჩაძირეს. ამ ბოროტების ჩამდენი, კუდის მაღალჩინოსანი რომან შამათავა ამჟამად სასჯელს იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი ამ სასტიკ მკვლელს უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად“, – წერს სუბარი.

სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო“.

„ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს, და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატიური დანაშაულების გამო. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. ახლახან ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია „შორი“. მოლდოვას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპამ მას მოუწონა ეს ნაბიჯი. შესაბამისად, თუ ეს არის ევროკავშირში შესასვლელი ბილეთი, რომ ავკრძალოთ დანაშაულებრივი პარტიები, მაშინ ჩვენც დროზე დავიწყოთ ეს პროცესი. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.