პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას – „ჩვენი ოპონენტების საბოლოო მათემატიკური კრახი“.
„სამი თვეა, პოლიტიკაში ვარ და ორი რამ მაკვირვებს: საიდან ამდენი ადამიანი, რომელიც ამდენ ტყუილს იგონებს და საიდან ამდენი ადამიანი, რომელიც ამდენ ტყუილს იჯერებს.
პირველებს მოვუწოდებ, იყვნენ კეთილსინდისიერები. მეორეებს ვთხოვ, იაზროვნონ კრიტიკულად. აქვე, რახან სიმართლეს იკვლევენ, მოვუწოდებ ISFED-ს საკუთარი 11 დეკემბერის განცხადების ის ნაწილიც ჩაასწოროს, რომლის მიხედვითაც ეს ჩასწორება გავლენას არ ახდენს მანდატების გადანაწილებაზე. რა თქმა უნდა, ახდენს. ოთხი მანდატით ნაკლებს ვიღებდით ძველი მონაცემით. გახსოვდეს ზედა ჩამკეტი.
რაც შეეხება ჩვენ კომუნიკაციას ISFED-თან და დანარჩენ სამყაროსთან. იხ. ჩვენი კომუნიკაციის ქრონოლოგია ISFED-ის პარალელურ დათვლაზე ჩვენ ეჭვებთან დაკავშირებით. პრობლემა 3 ნოემბერსვე გამჟღავნდა. სამწუხაროდ, არც მედია და არც არასამთავრობო სექტორი ამ საკითხით გუშინდელ დღემდე არ დაინტერესდა“, – წერს პაპუაშვილი.
ის აქვეყნებს ქრონოლოგიას:
„1.11.2020 – ISFED-მა 14:00 სთ-ზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები.
3.11.2020 – მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც მან ცესკო-ს, პარალელური დათვლის და ეგზიტპოლების შედეგების შედარებას წარადგინა. პირველი საჯარო მოწოდება ISFED-ის მიმართ, გააკეთონ განმარტება ცესკოს და პარალელურ დათვლას შორის არსებული ცდომილების მიზეზე.
10.11.2020 – შალვა პაპუაშვილის და მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც არგუმენტირებულად დასაბუთდა ოპოზიციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული რიცხვებით (ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების დრო, ბათილი ბიულეტენები და ა.შ.) მანიპულირება და ასევე გამოითქვა ქართული ოცნების ეჭვი, რომ პარალელური დათვლის დროს ცდომილება გამოწვეული იყო ბათილი ბიულეტენების მითვლით. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ISFED-ს გაეკეთებინა განმარტება ამასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პარალელური დათვლის შედეგების ხარვეზი ძალიან მარტივად ჩანდა მისი მათემატიკური ანალიზის საფუძველზე.
17.11.2020 – ონლაინ შეხვედრა ქართულ ოცნებას (შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი) და ISFED-ს (ელენე ნიჟარაძე) შორის. ISFED-მა კატეგორიულად უარყო, რომ ბათილი ბიულეტენები იყო მითვლილი და განაცხადა, რომ მათ გადაამოწმეს შედეგები და ყველაფერი სწორია. შევთავაზეთ, იმ უბნების ჩამონათვალის გასაჯაროება, სადაც ჩატარდა პარალელური დათვლა და/ან პარალელური დათვლის შედეგების სრული სიის გასაჯაროება (იმ პარტიების შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ). ISFED-მა უბნების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა, ხოლო პარალელური დათვლის სრული სიის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების გასაჯაროება იმწამსვე ნათელს მოჰფენდა პარალელური დათვლის შედეგების უზუსტობას.
18.11.2020 – ნიკოლოზ სამხარაძის, შალვა პაპუაშვილის და გიორგი ხელაშვილის ონლაინ შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ 15 ელჩთან, სადაც პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით ჩვენ ეჭვზეც ვისაუბრეთ. ელჩები დაინტერესდნენ ISFED-თან ჩვენი კომუნიკაციის შედეგით და გვთხოვეს, მიღების შემთხვევაში, გაგვეზიარებინა ის დამატებითი მონაცემები, რომლებსაც ველოდით ISFED-თან 17.11-ის შეხვედრიდან გამომდინარე.
26.11.2020 – ISFED-მა, შიდა პრაქტიკაზე დაყრდნობით, საბოლოოდ უარი გვითხრა უბნების დასახელებაზე და პარალელური დათვლის სრული შედეგის გამოქვეყნებაზე (იმ პარტიების შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ).
8.12.2020 – შალვა პაპუაშვილმა, როგორც მომხსენებელმა, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ონლაინ კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაარჩევნო მდგომარეობას საქართველოში. პანელს მოდერირებას უწევდა ლაშა ტუღუში. ერთ-ერთი მომხსენებლი იყო ISFED-ის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძეც. პანელის მსვლელობისას შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული ოცნების ეჭვი პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით და გამოთქვა მწუხარება, რომ ISFED-ი არ ასაჯაროებდა ყველა მონაცემს. ელენე ნიჟარაძემ, კიდევ ერთხელ უარყო ეჭვები და დაადასტურა პარალელური დათვლის შედეგების სიზუსტე.
10.12.2020 – ISFED-მა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ჩაატარა პარალელური დათვლის აუდიტი და მის ანგარიშს, არჩევნების შედეგების შუალედურ შეფასებასთან ერთად, უახლოეს დღეებში წარმოადგენდა.
11.12.2020 – ISFED-მა გამოაქვეყნა პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგები (არჩევნების შუალედური შეფასების გარეშე) და აღნიშნა, რომ „გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც“. ამასთან ISFED-მა არ დაასახელა თუ რა იყო ამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზი და განაცხადა, რომ ამ საკითხს გამგეობის ჩართულობით იკვლევს.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებაში ISFED-მა მიუთითა, რომ „პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ზედა ჩამკეტი სისტემის არსებობის გამო, პარალელური დათვლის პირველადი მონაცემებით ქართული ოცნება იღებდა 4 მანდატით ნაკლებს, ვიდრე პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგით.
აქვე შდრ. ჩვენ მიერ 10.11 გამოქვეყნებული ცხრილი სადაც შეცდომის მიზეზი ვივარაუდეთ (ქვედა) და ISFED-ის გუშინდელი ჩასწორება (ზედა).
ყველაფერი სინამდვილეში მარტივი არითმეტიკა იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.