შალვა პაპუაშვილი - მარტა კოსის შემდეგ ლორა თორნტონმა პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოში ფულის შემოტანის არალეგალური შავი სქემები არსებობს, ჰერჩინსკიმ კითხვები ჩვენ კი არა, მათ დაუსვას
შალვა პაპუაშვილი - მარტა კოსის შემდეგ ლორა თორნტონმა პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოში ფულის შემოტანის არალეგალური შავი სქემები არსებობს, ჰერჩინსკიმ კითხვები ჩვენ კი არა, მათ დაუსვას

ლორა თორნტონი მარტა კოსის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოში ფულის შემოტანის არალეგალური შავი სქემები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სქემა დანაშაულებრივია, რადგან მისი ამოცანა ქართული კანონმდებლობისთვის გვერდის ავლაა.

„ჰელსინკის კომისიაში ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არათუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ არ დაესწრება, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესა ვართანიანი, ბახთირ ნიშანოვი საქართველოსთან დაკავშირებით ერთმანეთთან ჭორაობდნენ. ეს ადამიანები ქართულ შიდა საქმეებში ჩარევას ითხოვენ. შეხვედრაზე, წამლად, ერთი ამერიკელი ლორა თორნტონი იყო, მარტა კოსის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოში ფულის შემოტანის არალეგალური შავი სქემები არსებობს. მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან მაშინ სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ემხილებინა. ყველა ეს სქემა დანაშაულებრივია, რადგან მისი ამოცანაა, გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას. ეს ხომ ცვლილებას ასაბუთებს, რომელიც გუშინ ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ამოქოლავს ყველა იმ შავ ხვრელს, რომელსაც ეძებენ.

„ჰერჩინსკიმ კითხვები ჩვენ კი არა, დაუსვას მარტა კოსს, თავის უფროსს, რომელმაც თქვა, რომ გზებს ეძებენ, რათა ქართულ კანონს გვერდი აუარონ და ფული მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ქართველი ხალხის ყურადღების მიღმა. ჰერჩინსკი თავად თუ არ არის საქმეში გარკვეული, თავის უფროსს ჰკითხოს, რა სქემებს ალაგებენ, რომ ქართულ კანონებს გვერდი აუარონ. ასევე თორნტონს ჰკითხოს, რომელმაც აღიარა, რომ სქემები არსებობს. ყველა ყველას იცნობს და არაფერი იმალება. ნაცვლად იმისა, რომ უცხოურმა ფონდებმა გრანტი მისცენ ორგანიზაციას, რისთვისაც მათ თანხმობა სჭირდებოდათ, დაიწყეს ამ ორგანიზაციისთვის ერთბაშად არა ფულის მიცემა, არამედ დაქირავება ხელშეკრულებით და თანამშრომლებისთვის პირდაპირ ფულის დარიცხვა. ორი-სამი წლის წინ ჩამოსული გადამთიელი რომ ფიქრობს, ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს, ჩვენი ისტორია წაიკითხონ და გაერკვნენ, რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ბოლოს და ბოლოს, შტერები ხომ არ ვართ. ეს ცვლილებები იმიტომ მივიღეთ, რომ ევროკავშირი არღვევს ქართულ კანონმდებლობას. არ იქნება დამორჩილება იმ წესებისადმი, რომლებიც არსებობს? – იქნება ცვლილებები, რომლებიც ყველა იმ შავ ხვრელს თუ გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე დაბეჯითებით ეძებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, რომ კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, ეს შეუძლებელი არ არის, თუმცა სარისკოა. ამასთან, მანამდე, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი“.