ლორა თორნტონი - კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, ეს შეუძლებელი არ არის, თუმცა სარისკოა
ლორა თორნტონი - კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, ეს შეუძლებელი არ არის, თუმცა სარისკოა

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონმა ძალიან გაართულა ბევრი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისთვის ფულის მიღება, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ლორა თორნტონმა აღნიშნა, დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს დახურულ საზოგადოებებში და არსებობს გზები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის.

„რამდენიმე კანონმა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა პრაქტიკამ უარყოფითად იმოქმედა ჟურნალისტებზე. რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჟურნალისტები არიან. პირველი კანონი, რომელმაც ჟურნალისტებზე იმოქმედა, იყო ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს კანონი ამერიკული კანონის მსგავსად შეიქმნა, მაგრამ მე შემიძლია ავხსნა, რატომ არ არის ეს სიმართლე. სინამდვილეში, ეს თითქმის სიტყვასიტყვით რუსული კანონის ასლია, მაგრამ ასეთი კანონი არა მხოლოდ რუსეთმა, სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. როგორც ჩანს, ეს ავტორიტარული რეჟიმების სახელმძღვანელოს ნაწილია. ისინი უბრალოდ თარგმნიან ერთსა და იმავე დოკუმენტს. ამ კანონმა ძალიან გაართულა ბევრი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისთვის ფულის მიღება, რადგან დაფინანსება საზღვარგარეთიდან თუ მოდის, უნდა დარეგისტრირდე, როგორც უცხო აგენტი და გაიარო რამდენიმე პროცედურა. ვფიქრობდით, რომ ეს ცუდი იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ განაახლეს.

„გრანტების შესახებ“ კანონი – ეს არის შესწორება „გრანტების შესახებ“ კანონში. ახლა საქმე აღარ არის მხოლოდ რეგისტრაციაში, როცა გარკვეულ პროცენტს იღებ უცხოური დონორისგან. ახლა ეს ეხება ნებისმიერ თანხას უცხოური ორგანიზაციისგან ან უცხოელი ფიზიკური პირისგან. დამტკიცების პროცესი თუ არ გაიარე, არსებობს სადამსჯელო ღონისძიებები, მათ შორის, შესაძლო დაკავება. მე მთელ მსოფლიოში ვცხოვრობდი და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონია, რაც კი ოდესმე მინახავს. ამასთან შედარებით ცოტა უფრო მსუბუქად გამოიყურება თუნდაც რუსეთის კანონმდებლობა.

რა უნდა გააკეთო ამ ვითარებაში? არ მინდა, ძალიან დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს დახურულ საზოგადოებებში. ეს შეუძლებელი არ არის, თუმცა სარისკოა. მე ვმონაწილეობდი დაფინანსების პროგრამებში აზერბაიჯანში, ბელარუსში და რუსეთში, დონორები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ვინმეს რისკის ქვეშ აყენებ. ასე რომ, ეს კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში საჭირო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ შეუძლებელს არ ხდის“, – აღნიშნა ლორა თორნტონმა.

ლორა თორნტონის თქმით, სურს, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა შეწყდეს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი გაიზარდოს.

„შეიძლება თუ არა მხარდაჭერის აღდგენა? ვიტყოდი, რომ იმედი მაქვს. მე მინდა, აბსოლუტურად შევუწყვიტოთ მხარდაჭერა ქართულ მთავრობას, მაგრამ სამჯერ გავუზარდოთ ქართული სამოქალაქო საზოგადოებას. ვიცი, ეს ძალიან რთულია, როგორც აღვწერე, ყველა ახალი კანონის გამო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგები ვართ ამაში. შეერთებული შტატები და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის“, გერმანული მარშალის ფონდი, სოროსი და სხვები აქტიურად უჭერენ მხარს მცირე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ძალიან დახურულ ქვეყნებში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ, არ მინდა, გამოვამჟღავნო საშუალებები და ტაქტიკა, მაგრამ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ადამიანებს დახურულ გარემოში და შეგვიძლია ადაპტაცია. არსებობს გზები, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქართველოში“, – განაცხადა თორნტონმა.