შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებით
შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებით

ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, იქ განთავსებულია საოკუპაციო ძალები. აქედან გამომდინარე, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით, რათა ამ კუთხით ქვეყანას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას.

„სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. მისი ნებისმიერი ნაბიჯი არის განპირობებული უსაფრთხოების განმტკიცებით და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას. ეს გახლდათ ნატო-ში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონში უსაფრთხოებასთან და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.