სუს-ი - მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები შეინიშნება
სუს-ი - მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები შეინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სოფლის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე.

ცოტა ხნის წინ, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ახალი მანიშნებლებია გაკეთებული საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში.

„ძველი ე.წ. საზღვარი სოფლის სასაფლაოდან ერთ კილომეტრში გადიოდა. ახლა თეთრი ლენტები შეაბეს სასაფლაოსთან ახლოს, კირბალიდან მეჯვრისხევამდე ხეებსა და ბუჩქებზეა გაკეთებული. რაღაც რუკები აქვთ და ამ რუკების მიხედვით, შესაძლოა, ჩემი და ჩემი მეზობლის სახლი ოკუპირებულ მხარეს მოყვეს. ასევე, სასაფლაოს ნაწილიც“, –  განაცხადა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ნოდარ ზანგურაშვილმა.