შალვა პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია, რომ ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს თავდასხმა
გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ინსტიტუციიდან ვეღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა.
„მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ, მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიიღო საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხებად გამოყენებაზე“.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ 5 ივლისს „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“. ჯაღმაიძემ ასევე გაიხსენა 2019 წელს ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რაზეც აღნიშნა: „წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგსო. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.