ანდრია ჯაღმაიძე – 2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა

22:43, 05.07.2026

სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში. ამის დიაგნოზია, რომ თავისი უნიათობით, ეკლესიისადმი არაჯანსაღი პოლიტიკით მივიდნენ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზეც არის საუბარი.

ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა 2023 წლის აგვისტოში მაშინდელი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად უკვე თანასწორობის საკითხებში ევროკომისრის, ჰაჯა ლაბიბის საპატრიარქოში ვიზიტზე.

„არ გავახმაურეთ თავის დროზე, რადგან ისედაც პოლარიზაცია იყო საზოგადოებაში. საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საპატრიარქოში. ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად, უცნაური და გაუგონარი რამ გვთხოვა. მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, საზოგადოებისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში.

საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო ჩვენი მხრიდან – არსებობს ამის ფოტომასალა, ქორეპისკოპოსი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ამ ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ გვითხრა. ლგბტ დღის წესრიგიდან მოვუყვანე იმ დროს ძალიან გახმაურებული შემთხვევა და ვუთხრი, რომ თქვენმა ლგბტ დღის წესრიგმა მოიტანა ეს შემთხვევა, როდესაც სპორტული შეჯიბრების დროს ქალი სპორტსმენი, ბოქსიორი რინგზე ისე სცემა ტრანსგენდერმა, რომ ინვალიდად დატოვა ეს ქალი და ის სპორტსმენი ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ ჩემპიონატისთვის, კაცი გავიდა რინგზე და დაასახიჩრა, მოტეხა ყბა“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, ამაზე ჰაჯა ლაბიბს პასუხი არ ჰქონდა და აღნიშნა, რომ დისკუსიისთვის არ იყო მისული.

„აქ მე დისკუსიისთვის არ ვარ მოსულიო, დასტაცა თავის ფურცლებს ხელი და წავიდა, პასუხი არ ჰქონდა ამაზე რა პასუხი შეიძლებოდა, ჰქონოდა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში ევროპის წარმომადგენლების მისვლა არ ახსენდება.

„ამის შემდეგ, ფაქტობრივად, არ მახსენდება, რომ ევროპის წარმომადგენლები მოსულიყვნენ საპატრიარქოში. ახლა, რაც საქართველოს ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, კვლავ განახლდა ეს ურთიერთობები საელჩოებთან და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები არის“, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი