შალვა პაპუაშვილი - იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა წელს არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან მოწვეული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა
შალვა პაპუაშვილი - იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა წელს არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან მოწვეული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა წელს არ ყოფილა გათვალისწინებული.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი შარშან მიწვეული იყო, თუმცა ის არ მივიდა.

„სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული ამ ღონისძიებაში. ის არც შარშან იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან მოწვეული იყო ამ ღონისძიებაზე, თავად არ გამოცხადდა. წელს სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა. მას ჰკითხეთ მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვით მიმართეს, ღონისძიებას ოპოზიციიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯია რატომ ესწრებოდა, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა დეპუტატი მიწვეული იყო.

„ყველა იყო მოწვეული. ყველა დეპუტატი, ტრადიციულად, მოწვეული არის ხოლმე. საერთო სისტემა არის მოწვევის და ყველა იყო მოწვეული. ღონისძიებაზე იყო ყველა, ვისაც ჰქონდა სურვილი, პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე არ მიიწვიეს.