პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე არ მიიწვიეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე არ მიიწვიეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე არ მიიწვიეს და იუნკრების ხსოვნისათვის პატივის მიგების საშუალება არ მიეცა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს სალომე ზურაბიშვილი კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

„დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკრების მემორიალურ დაფას.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკრების ხსოვნისათვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.