შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
სხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით რას შეისწავლიან, მათი საქმე და უფლებაა, ისევე როგორც ჩვენ ვსწავლობთ, რა ინტერესები აქვთ სხვა ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აშშ თავად გადაწყვეტს, რა შეისწავლოს და მას ჯო უილსონის მოწოდება არ სჭირდება.
„ეს არის აშშ-ის საქმე, რას შეისწავლის. სასაცილოა, როდესაც ჯო უილსონი ფიქრობს, ტრამპის ადმინისტრაციას მისი მოწოდება სჭირდება, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომელთანაც აშშ კონკურენციაშია. ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს. ცოტა ხნის წინ ეუთო-ში იყო ჯო უილსონი და მისმა დელეგაციის ხელმძღვანელმა თვითმფრინავში აღარ ჩაისვა, ისეთი სასწაულები ჩაიდინა. ჩვენ გვაქვს რჩევა, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს. სხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით რას შეისწავლიან, მათი საქმეა, შეისწავლონ, რა და როგორ უნდათ, მათი მთლიანი უფლებაა. ისევე როგორც ჩვენ ვსწავლობთ, რა ინტერესები აქვთ სხვა ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით.
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა – ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ ღია. რომელი ურთიერთობაც ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული. როგორც კი დავინახავთ, არის მოწოდება ისეთი საკითხებზე, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად, ბრიუსელი როცა გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციაზე, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ბრიუსელის ხათრით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ავყვებით, ბრიუსელს ნაკლებად ადარდებს საქართველოს მომავალი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.