აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.
წარმომადგენელთა პალატაში პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
„საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, შესაბამის კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც:
1. მომზადებული იქნება სადაზვერვო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად;
2. შეისწავლის საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათთან დაკავშირებული აქტივების შეღწევის მასშტაბს;
3. შეაფასებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთისა და ურთიერთქმედების ფორმებს.
საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგია:
(1) ზოგადად – კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს დეტალური სტრატეგია, რომელიც:
ა) განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ გარემოს;
ბ) განსაზღვრავს იმ ინსტრუმენტებს, რესურსებსა და დაფინანსებას, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასევე შეაფასებს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში;
ც) განსაზღვრავს, რა მასშტაბით უნდა განაგრძოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში პარტნიორობის განვითარებაში ინვესტირება;
დ) შეაფასებს, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიზნისადმი და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არასაიდუმლო ფორმით, რომელსაც თან ერთვის საიდუმლო დანართი“, – ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტში.
კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.