შალვა პაპუაშვილი - გიორგი ბარამიძის განცხადება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი, სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს შეურაცხყოფას აყენებენ
შალვა პაპუაშვილი - გიორგი ბარამიძის განცხადება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი, სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს შეურაცხყოფას აყენებენ

გიორგი ბარამიძის განცხადება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ჩვენი ოპოზიციის ნაწილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს შეურაცხყოფას აყენებენ და აღნიშნა, რომ ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია.

ფარისევლები არიან, რადგან მათი გარეგანი სახე ხომ ისაა, რომ უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები, მამულიშვილები, საქართველოსა და მისი ჯარის მოყვარულები. ასეთ დროს ჩანს ხოლმე, რამდენად ფარისევლები არიან, რადგან როცა ადამიანი საუბრობს იმაზე, რისიც არ სწამს, პატრიოტობაზე დებს თავს და არ არის პატრიოტი, ასეთ ადამიანებს შემთხვევით გაეპარებათ ხოლმე ასეთი შეფასებები, რადგან ეს დევს მათ გონებაში, გულსა და ეროვნულობაში. ისინი ამ ქვეყნის პატრიოტები არასოდეს ყოფილან. ამიტომ აკეთებენ ასეთ შეფასებას. სამწუხაროა, როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს, საამაყო ქალებსა და კაცებს შეურაცხყოფას აყენებენ. ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ასე რომ, ქართული ჯარის მოტივაცია არასდროს ყოფილა კითხვის ქვეშ. ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.