შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის წევრობის კითხვარი რომ გამოქვეყნდება, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის წევრობის კითხვარი რომ გამოქვეყნდება, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით არც ერთ ქვეყანაში ოპოზიცია ისტერიას არ აწყობს.

მისივე თქმით, საქართველოში კარგად ჩანს საკითხისადმი ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება.

„კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა აპირებს კითხვარის გასაჯაროებას. ძალიან კარგია ეს, რადგან ყველა ნახავს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ კითხვარი შეივსოს. ვხედავთ, აქაც ცდილობენ, რომ ყველაფრის გარშემო შექმნან ეჭვების ბურუსი. რა ეჭვები აქვთ, არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას. სხვათა შორის, არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ეს კითხვარი გასაჯაროებული არ არის. როგორც წესი, სტანდარტია, რომ არ საჯაროვდება. ამ საკითხის გარშემო ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აყენებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიაშია ყველა საკითხის გარშემო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს.

„ერთადერთი შეთავაზება მექნება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება და ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მასზე, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით. კითხვარი ხომ იქნება და შეუძლიათ, კითხვართან დაკავშირებით თავად დაწერონ პასუხები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და უზრუნველყოფენ, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.